ახალი ამბები

პოლიციის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის რისკის შეფასება კვლავ პრობლემურია – ლომჯარია

8 დეკემბერი, 2017 • 1840
პოლიციის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის რისკის შეფასება კვლავ პრობლემურია – ლომჯარია

დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ღონისძიება გიორგი მარგველაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში გამართა.

სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა 2017 წელს პარლამენტის მიერ „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება, ასევე, ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და დაცვის ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებლის გაზრდა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე კვლავ პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის რისკის შეფასება და დამცავი მექანიზმების აღსრულების ეფექტიანი მონიტორინგი. მისი თქმით, შემაშფოთებელია ფემიციდის სიმრავლე.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 22 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 13 ოჯახში ძალადობის პირობებში იყო ჩადენილი. მაღალია მკვლელობის მცდელობის რიცხვიც, ამავე პერიოდში მომხდარი 11 შემთხვევიდან ოჯახური დანაშაულის ნიშნებით 8 შემთხვევა გამოვლინდა.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხელი შეეწყოს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობასთან მჭიდროდ დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას- როგორიცაა ქალთა დაბალი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობა.

“ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ბევრი ქალი ითმენს ძალადობას, სწორედ ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობის გამო. სათანადოდ არ გვესმის ქალთა ხმა, მათი საჭიროებების, პრობლემების შესახებ. ვერ ვხედავთ ქალებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს და უპირველესად, სწორედ ამ მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა,” – განაცხადა სახალხო დამცველმა და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.

  • საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილი ნინო ლომჯარიამ ოფიციალურად 8 დეკემბერს შეცვალა. ის საქართველოს მეექვსე სახალხო დამცველია.
  • 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.
  • ლომჯარიას კონკურენტმა, გიორგი ფოფხაძემ, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა წარადგინა, 20 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო 27-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
  • ინტერვიუ ნინო ლომჯარიასთან ნეტგაზეთმა 29 ნოემბერს ჩაწერა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე დაკლიკებით.
  • ივანიშვილის ფაქტორი და ხელისუფლებასთან დაპირისპირების ქრონიკა – სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქმიანობის შემაჯამებელი ინტერვიუ ნეტგაზეთმა უჩა ნანუაშვილთან 23 ნოემბერს ჩაწერა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი