2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ახალი წლიდან ძალა ეკარგებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, 2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება საქართველოში 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს.

როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოდან გვაცნობეს, აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს. მათი ინფორმაციით, მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოთ:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • არსებული მართვის მოწმობა.

სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.

შსს-ს მომსახურების სააგენტო ასევე განმარტავს, რომ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლამდე, თუმცა განახლებულია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი შეცვლა საჭირო არ არის:

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 იანვრამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, სააგენტოს განცხადებით, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მათი განცხადებით, მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.