ახალი ამბები

ახალი ომბუდსმენი საქმიანობას არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შესწავლით იწყებს

8 დეკემბერი, 2017 • 2047
ახალი ომბუდსმენი საქმიანობას არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შესწავლით იწყებს

დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილი ნინო ლომჯარიამ ოფიციალურად შეცვალა. მისთვის ომბუდსმენის ოფისში პირველი სამუშაო დღეა. ის საქართველოს მეექვსე სახალხო დამცველია.

როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, პირველ რიგში, გაიცნობს თანამშრომლებს ცენტრალურ და რეგიონალურ ოფისებში, ხოლო ამის შემდეგ არ გამორიცხავს, ოპტიმიზაციის და გაძლიერების პროცესი დაიწყოს. ახალმა ომბუდსმენმა მედიასთან მის პრიორიტეტებზე ისაუბრა, თუ რა მიმართულებით მუშაობას მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება.

“სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან ერთად, ჩემთვის პრიორიტეტი იქნება სოციალურ-ეკონომიური უფლებებიც. ვაპირებ, რომ განსაკუთრებით გავაძლიერო ბავშვთა უფლებების მიმართლებით სახალხო დამცველის საქმიანობა, ასევე, ქალთა უფლებების დაცვა და შშმ პირთა უფლებების დაცვა. გარდა ამისა, ვაპირებ, გაძლიერდეს სახალხო დამცველის მუშაობა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების მიმართებით,” – ამბობს ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარიას თქმით, პირველი საქმე, რომელსაც სახალხო დამცველის რანგში ყურადღებით შეისწავლის, აკაკი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი არასრულწლოვნის მკვლელობაა. ომბუდსმენის თქმით, ამ საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს უახლოეს პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულებს:

“მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი დიდი ხანია მუშაობს ბავშვთა უფლებებზე, ალბათ, ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით – სკოლაში არსებული სიტუაციები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა იმ საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებული იქნება არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტული. შესაბამისად, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საქმე, რომლითაც დავინტერესდები.”

  • 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.
  • ლომჯარიას კონკურენტმა, გიორგი ფოფხაძემ, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა წარადგინა, 20 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო 27-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
  • ინტერვიუ ნინო ლომჯარიასთან ნეტგაზეთმა 29 ნოემბერს ჩაწერა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე დაკლიკებით.
  • ივანიშვილის ფაქტორი და ხელისუფლებასთან დაპირისპირების ქრონიკა – სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქმიანობის შემაჯამებელი ინტერვიუ ნეტგაზეთმა უჩა ნანუაშვილთან 23 ნოემბერს ჩაწერა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი