სამთავრობო ცვლილებებზე კანონპროექტების პაკეტი პარლამენტმა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის სტუქტურული ცვლილების შესახებ კანონპროექტთა პაკეტს 86 ხმით დაუჭირა მხარი.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილა.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განმარტებით, კანონპროექტის თანახმად ერთიანდება რამდენიმე სამინისტრო, რის შესაბამისადაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი უერთდება, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის. გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი.

უქმდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და სანაცვლოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქმნება სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

პარლამენტმა მეორე მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭისყრით დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკითხის განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც 99 კანონპროექტს მოიცავს, მესამე მოსმენით განიხილეს. მესამე მოსმენისას რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. განხილვის დასრულების შემდეგ წარმოდგენილ ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.


ცვლილებების პაკეტის მიხედვით, 18-დან 14-მდე მცირდება სამინისტროების რაოდენობა.

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცეპრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. ის პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. ხოლო შს მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი გახარია, რომელიც იმავდროულად იქნება ვიცეპრემიერი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ამ უწყებას უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს;კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდებოდა საგარეო დაზვერვის სამსახური, თუმცა მთავრობამ კანონპროექტის ეს ნაწილი გაიწვია. 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი