ახალი ამბები

რა შემთხვევაში უნდა ეწეროს ხილის წვენის ეტიკეტზე “სუფთა” – მთავრობამ რეგლამენტი დაამტკიცა

7 დეკემბერი, 2017 • 2214
რა შემთხვევაში უნდა ეწეროს ხილის წვენის ეტიკეტზე “სუფთა” – მთავრობამ რეგლამენტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ დღეს, 7 დეკემბერს,  “ხილის წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი მიიღო. რეგლამენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ევროკომისიის ვალდებულებისა და CODEX ALIMENTARIUS-ის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რეგლამენტი მიზნად ისახავს ხილის წვენის, ხილის ნექტარის, ხილფაფის, ხილის კონცენტრირებული წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტებისათვის წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

მაგალითად, რეგლამენტის თანახმად, თუ ხილის ნექტარში შაქარი ბუნებრივად არსებობს, ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს ინფორმაცია: „შაქრის გარეშე“ ან/და „დამატკბობლის გარეშე“, ან „შაქრის ბუნებრივი შემცველობით“; ხილის წვენის ეტიკეტზე ტერმინები „სუფთა“, ან/და „100 %-იანი“ კი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხილის წვენი არ შეიცავს არანაირ დანამატებსა და ინგრედიენტებს, მათ შორის, ასკორბინის მჟავას, და წარმოდგენილია მხოლოდ ხილის წვენით და სხვა.

რეგლამენტი ძალაში მიღებიდან რვა თვეში, 2018 წლის 1 ივლისიდან შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი