ახალი ამბები

საქართველო 90-იანებიდან რუსეთის დანაშაულების მსხვერპლია – ლორთქიფანიძე ICC-ის სესიაზე

7 დეკემბერი, 2017 • 1797
საქართველო 90-იანებიდან რუსეთის დანაშაულების მსხვერპლია – ლორთქიფანიძე ICC-ის სესიაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას რუსული აგრესიაზე, აგვისტოს ომსა და მცოცავ ოკუპაციაზე ისაუბრა – ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მე-16 სესია ნიუ-იორკში იმართება.

“გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში კი, ჩადენილ იქნა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთათვის და განაცხადა, რომ ამისათვის საქართველოს სახელმწიფო ჰააგის სასამართლოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმე ჰააგის სასამართლოს გამოსაძიებელ საქმეებს შორის პირველი ევროპული კონფლიქტია;  ასევე, პირველი საქმეა, რომელიც  საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ეხება და სადაც გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის ფაქტორი. ამიტომ მართლმსაჯულების აღსრულება ამ საქმეში მნიშვნელოვანია არა მარტო 2008 წლის ომის დროს დაზარალებულებისათვის ან საქართველოს, როგორც დაზარალებული ქვეყნისათვის, არამედ, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსათვის,”- აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

მათივე ცნობით, რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ინფორმირება საქართველოსათვის განსაკუთრებით ღირებულია ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ინტენსიურ ფაზაშია.

გარდა ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობისა,  ქართული დელეგაცია შეხვდა რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს და ინფორმაცია მიაწოდა მათ 2008 წლის ომის დანაშაულების შესახებ. შედგა შეხვედრები პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციებთან 2008 წლის ომის საქმის გამოძიებაში მხარდაჭერის მისაღებად. ასევე, დელეგაცია შეხვდა ჰააგის სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებს  მიმდინარე გამოძიების ეფექტურად წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით.

ქართული დელეგაცია გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლო) წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ასამბლეა 4 დეკემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა სილვია ფერნანდეს გურმენდიმ და ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გახსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი