ახალი ამბები

იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას კიდევ 3 დეპუტატი უჭერს მხარს საჯაროდ

7 დეკემბერი, 2017 • 3880
იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას კიდევ 3 დეპუტატი უჭერს მხარს საჯაროდ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შოთა შალელაშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქდ ოფიციალურად უნდა აღიაროს,  კიდევ სამი დეპუტატი უჭერს საჯაროდ მხარს. მათგან ერთი “ქართული ოცნების” წევრია.

“მე უკვე დავუჭირე მხარი ამერიკის პრეზიდენტის ამ მამაც და სამართლიან გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ საქართველომ იგივე უნდა გააკეთოს, რაც შეიძლება მალე, თუ ამის საშუალება გაჩნდება”, – წერს ფეისბუკზე დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე მმართველი გუნდიდან.

“ბატონო შოთა, თქვენს გვერდით გვიგულეთ. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა”, – წერს ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსიდან.

“ბატონო შოთა, უფლის ნებით, მე და თქვენ ერთი წელიწადი საქართველოს პარლამენტში, გვერდი-გვერდ სავარძლებში გავატარეთ. გავატარეთ მუდმივ ძიებებში, შეფასებებში, მსჯელობებში… მენტალურად ახლო მდგომებს, ან ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს საკვანძო პრობლემებისა და საკითხების მიმართ, ან მნიშვნელოვნად ვაახლოებთ ერთმანეთის პოზიციებს. ასე არის, როდესაც ვმსჯელობთ მსოფლიოს არქივებში გაბნეული, საქართველოს ისტორიის დამადასტურებელი დოკუმენტების, არტეფაქტების მოძიების აუცილებლობაზე. ასე იყო გუშინაც, როდესაც ბატონი ტრამპის გაბედული და პროგრესული გადაწყვეტილების შესახებ გავიგეთ. ვიცით დასავლეთის ფრთხილი რეაქციის შესახებაც. ხმამაღლა თუ არ გამომივა, ებრაელმა ხალხმა მიგულოს თავის მეგობრად. მე ამ საკითხში თქვენი თანამოაზრე ვარ. ღრმა პატივისცემით”, – წერს ხაშურის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძე.

საქართველოს პრემიერს დღეს ღია წერილით მიმართა “ისრაელის სახლმა”, ასევე, უმრავლესობის დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა. ღია წერილში პრემიერს მოუწოდებენ, მიბაძოს ტრამპის გადაწყვეტილებას, იერუსალიმი აღიაროს ისრაელის დედაქალად და დაიწყოს საელჩოს გადატანის პროცესი თელავივიდან იერუსალიმში.

“დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენ ქვეყანას” – ნათქვამია დეპუტატ შალელაშვილის წერილში.

“უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების წერა და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა. მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ  უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთი მოსაზრებების, ასეთ სენსიტიურ საკითხებზე ღია წერილების დაფიქსირება ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა,” – განცხადა პრემიერ-მინისტრმა საპასუხოდ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა იერუსალიმის ისრაელის დედაქალად გამოცხადების საკითხს, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ გახდა აქტუალური.

“ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურისა და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც არის რეგიონში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი