ახალი ამბები

სასამართლომ ელფოსტით წარმოებული ოფიციალური მიმოწერა საჯარო ინფორმაციად ცნო – IDFI

7 დეკემბერი, 2017 • 3189
სასამართლომ ელფოსტით წარმოებული ოფიციალური მიმოწერა საჯარო ინფორმაციად ცნო – IDFI

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა IDFI-ის საკასაციო საჩივარი და დაადგინა, რომ საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული და გაგზავნილი ინფორმაცია წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებულ პირისთვის.

IDFI-ის ცნობით, უზენაესმა სასამართლომ პირველად იმსჯელა მოცემულ საკითხზე და ინფორმაციის საჯაროობის სასარგებლოდ გადაწყვიტა პრაქტიკაში არსებული დავა ელ.ფოსტით განხორციელებული მიმოწერის საჯარო ინფორმაციის ცნების ქვეშ მოქცევის შესახებ.

გთავაზობთ IDFI-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ამ დავის ფაქტობრივი გარემოებების მოკლე აღწერას.


IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით იუსტიციის სამინისტროს 2015 წლის 10 მარტს მიმართა. IDFI-ის მოთხოვნას წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის (მინისტრის) ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან  დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების გაცემა.

იუსტიციის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ჩვენი განცხადება, ისევე როგორც შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივარი. საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით  IDFI-იმ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილდა IDFI-ის სარჩელი, რის შემდეგაც IDFI-მ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი განჩინება სრულად დააფუძნა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და 2016 წლის 27 დეკემბერის განჩინებით უცვლელად დატოვა.

2017 წლის 14 მარტს IDFI-იმ საკასაციო საჩივრით  მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის მოთხოვნა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2017 წლის 14 სექტემბრის) გადაწყვეტილება მხოლოდ 2017 წლის 6 დეკემბერს ჩაგვბარდა.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების დასაბუთება

თბილისის საქალაქო, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლოებმა, საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ IDFI-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტეს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ინფორმაციის გაცემის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა:

  • ინფორმაცია არის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი;
  • ინფორმაციას აქვს ოფიციალური დოკუმენტის სახე.

სასამართლოებმა აღნიშნული დააფუძნეს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული საჯარო ინფორმაციის ცნების არასწორ განმარტებას, რომლის თანახმადაც საჯარო ინფორმაცია განმარტებულია, როგორც „ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე, საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.“

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოთა პოზიციით,  ელექტრონული ფოსტა, თავისი არსით, არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებაა და წარმოადგეს დროებით ჩანაწერს, რომელიც გამოიყენება შუალედური ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით და მასში გადაწყვეტილებები არ არის დაცული. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია არ ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს და არ წარმოადგენს რაიმე ოფიციალური ხასიათის შემცველ ინფორმაციას/დოკუმენტს.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან  დაკავშირებით გაგზავნილ და მიღებულ წერილთა ასლების შესახებ ინფორმაცია დააკავშირეს საქართველოს კონსტიტუციით გამტკიცებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპთან (მუხლი 20). საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“.

სასამართლოთა განმარტებით, ელექტრონული ინფორმაცია გაგებულია, როგორც ელექტრონული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უნდა წარმოშობდეს სამართლებრივ შედეგებს. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოთა დასაბუთების თანახმად, „საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს დოკუმენტის მხოლოდ საბოლოო სახე, რომელიც აისახება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროში დანერგილი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემაში)“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება

საკასაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, რომ ელექტრონული ფოსტა, თავისი არსით, არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებაა და წარმოადგენს დროებით ჩანაწერს.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, იმისთვის, რომ ესა თუ ის ინფორმაცია / ოფიციალური დოკუმენტი მოექცეს საჯარო ინფორმაციის ცნების ქვეშ, სავალდებულო არ არის, ასეთი ინფორმაცია წარმოშობდეს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან გააჩნდეს მატერიალური დოკუმენტის რეკვიზიტები.

უზენაესმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი ან მიღებული ინფორმაცია, მით უფრო თუ ის ეხება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ სახელმწიფო შესყიდვებს, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

სასამართლოს განმარტებით, სამსახურებრივი ელ.ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები თავისთავად არის ელექტრონული ფორმით არსებული ოფიციალური დოკუმენტი, ისევე როგორც საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები  და ის აკმაყოფილებს საჯარო ინფორმაციისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ფარგლებში მოქცევის შესახებ უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ „სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერა, თუ მას აქვს პირადი ხასიათი, დაცულ უნდა იქნეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიით. მოცემულ შემთხვევაში კი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით წარმოებული კომუნიკაცია, რომელიც ეხება გამარტივებულ შესყიდვებს, არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს პირადი ხასიათის ინფორმაციასთან.“

უზენაესი სასამართლო გასცდა IDFI-ის მოთხოვნის ფარგლებს  და დაადგინა, რომ ღია ინფორმაციას წარმოადგენს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული და გაგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის ინფორმაცია გამარტივებული შესყიდვების შესახებ).  უზენაესმა სასამართლომ აქვე განმარტა, რომ აღნიშნული არ გულისხმობს უწყების შიდა რგოლის თანამშრომლების მიერ გადაწყვეტილების შესაქმნელად წარმოებულ შიდა მოსამზადებელ მიმოწერას. 

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ IDFI-ის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი. შესაბამისად, სრულად დააკმაყოფილა ის, გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს დაევალა მოთხოვნილი ინფორმაციის სრული სახით გაცემა.

მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობის მატარებელია. გადაწყვეტილებით, ხაზგასმით განიმარტა, რომ ღია საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს არა მარტო გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული, არამედ ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებასთან არის დაკავშირებული და გაგზავნილი ან მიღებული იქნა სამსახურებრივი ელ.ფოსტის საშუალებით.

მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროცესის შემდგომი გაჭიანურების  გარეშე აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და სრულად გასცეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან  დაკავშირებით 2015 წელს გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი