ახალი ამბები

შს მინისტრი: სკოლაში რომ პოლიციის ადგილი არ არის, ჩვენ ამას ვეთანხმებით

7 დეკემბერი, 2017 • 2565
შს მინისტრი: სკოლაში რომ პოლიციის ადგილი არ არის, ჩვენ ამას ვეთანხმებით

შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი გიორგი გახარია მანდატურებსა და პოლიციას შორის სკოლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, საპატრულო პოლიციის მიერ სკოლების მიმდებარე ტერიტორიების პატრულირების საკითხი დროებითია და ეს გადაწყვეტილება მანდატურების ფუნქციების გაძლიერებას ემსახურება.

“უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, საპატურლო პოლიციის ჩართვა  დიდ რესურსს საჭიროებს, თუმცა ჩვენ არ  ვსაუბრბოთ ისეთ თემებზე, სადაც რესურსის თემა უნდა ვახსენოთ. რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი. ჩვენი მთავარი მიზანია მანდატურების სამსახურების ეფექტიანობის გაზრდა. ეს არის მთავარი წერტილი, ამისთვის შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფი. და, რა თქმა უნდა, აქ მთავარი ამოცანა არის ის, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურებსა და შსს-ს შორის ბმის გაწყვეტა, სამწუხაროდ, მისი იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც როგროც ჩანს, ხარისხზე იმოქმებდა. ამიტომ სასწრაფოდ მივიღეთ გადაწყვეტილება მანდატურების ეფექტიანობაზე. მანამდე. სანამ ეს არ მოხდება, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული  და მაქსიმალურ შესაძლებელ რესურსს მოახმარს იმას, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტამდე ორი კვირით ადრე საპატრულო პოლიცია უკვე პატრულირებდა რამდენიმე სკოლასთან იმ მიზნით, რომ საცობების გამო მოეწესრიგებინა დილის საათებში ბავშვებისა და მშობლების სკოლასთან მისვლის პრობლემა.

“სანამ ეს სამწუხარო ფაქტი მოხდებოდა, უკვე დაახლოებით ორი კვირით ადრე, შსს-ში უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  რამდენიმე ეკიპაჟს რამდენიმე სკოლასთან თბილისში, ეს იყო დაახლოებით 80 სკოლა, პატრულირება დაეწყო დილის საათებში მძიმე ტრაფიკის დარეგულირების მიზნით და მშობლების და ბავშვების დასახმარებლად სკოლაში მისვლისთვის. სამწუხაროდ, მოხდა, შემდეგ რაც მოხდა, და დღეს სერიოზულად ვუდგებით ჩვენ ამ თემას. შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მაქსიმალურად  გაზარდოს მანდატურის სამსახური, რის შემდეგაც პატრულის როლი შეიცვლება. ჩვენც გვესმის ის ხმა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ამბობენ, რომ არ არის პოლიციის ადგილი სკოლაში და ჩვენ ამას ვეთანხმებით, პოლიციის ადგილი სკოლაში არის მხოლოდ მაშინ, როცა ხდება კანონის დარღვევა. პრევენციისთვის  სკოლაში მანდატურს უნდა ჰქონდეს აწყობილი კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან. მისი  სამსახური უნდა იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული პრევენციაზე და არა შსს-თან ურთიერთობაზე,” – განმარტა გახარიამ.

კითხვაზე, ჩაერთვებიან თუ არა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებაში უბნის ინსპექტორები, მინისტრმა განაცხადა, რომ უბნის ინსპექტორის სტრუქტურა საჭიროებს რეორგანიზაციას, რის გამოც მისი ჩაბმა სკოლის პატრულირებაში შეუძლებელია.

“სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიცია, რომელის ნაწილსაც შეადგენს უბნის ინსპექტორი, დღეს საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს და ჩვენ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამიტომ იმ სახით, რა სახითაც დღეს ჩვენ გვაქვს უბნის ინსპექტორები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან იმ თემაში, რომლებზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ.  ეს სხვა ამოცენებია,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღეს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ სკოლების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, მათ მიმდებარე ტერიტორიებს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი