ახალი ამბები

გვექნება მსჯელობა – პრემიერი იერუსალიმის ისრაელის დედაქალად აღიარებაზე

7 დეკემბერი, 2017 • 1717
გვექნება მსჯელობა – პრემიერი იერუსალიმის ისრაელის დედაქალად აღიარებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა იერუსალიმის ისრაელის დედაქალად გამოცხადების საკითხს, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ გახდა აქტუალური და ამის თაობაზე ღია წერილით საქართველოს პრემიერსაც მიმართეს.

“ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურისა და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც არის რეგიონში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერს დღეს ღია წერილით მიმართა “ისრაელის სახლმა”, ასევე, უმრავლესობის დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა. ღია წერილში პრემიერს მოუწოდებენ, მიბაძოს ტრამპის გადაწყვეტილებას, იერუსალიმი აღიაროს ისრაელის დედაქალად და დაიწყოს საელჩოს გადატანის პროცესი თელავივიდან იერუსალიმში.

“დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენ ქვეყანას” – ნათქვამია დეპუტატ შალელაშვილის წერილში.

“უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების წერა და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა. მე პტივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ  უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთი მოსაზრებების, ასეთ სენსიტიურ საკითხებზე ღია წერილების დაფიქსირება ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა,” – განცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი