NGO-ები შსს-ს მიმართავენ, კვირიკაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელები დაითხოვონ

არასამთავრობო ორგანიზაციები ხარაგაულში გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციები მოუწოდებენ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას, გამოძიება წარიმართოს სწრაფად და დადგეს ხარაგაულის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი.

ხელმომწერი ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, თანამდებობიდან გაათავისუფლონ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები. NGO-ებს ასევე მიაჩნიათ, რომ ეს პოლიციელები მიზანმიმართულად ცდილობენ საქმეზე დროული და ობიექტური გამოძიების ჩატარებისთვის ხელის შეშლას.

ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ პარლამენტს და მთავრობას, დროულად შეიქმნას ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც შეამცირებს პოლიციელთა თვითნებობის და დაუსჯელობის პრობლემას ქვეყანაში.

ორგანიზაციების ინფორმაციით, ხარაგაულის პოლიციის დაინტერესება ამ საქმით დასტურდება იმით, რომ მათ მიერ 5 დღის განმავლობაში წარმოებდა გამოძიება და ამ დროის განმავლობაში ხარაგაულის პოლიცია მუშაობდა თვითმკვლელობის საქმეში კონკრეტული, მათთვის ხელსაყრელი ვერსიის გამოკვეთაზე, რომელიც ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას მისი ჯანმრთელობის პრობლემებით და ეკონომიკური სიდუხჭირით ახსნიდა.

“პოლიციის თანამშრომელთა მიერ ხუთდღიანი გამოძიების ფარგლებში, პირველ რიგში, დაკითხულები არიან არა კვირიკაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებსაც საქმესთან მიმართებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიცემა შეეძლოთ, არამედ სხვა არარელევანტური პირები. რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციის მიერ აღნიშნული საქმის გამოძიება ასევე არ გამორიცხავს კვირიკაშვილების პოლიციაში დაბარებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების ფალსიფიცირების რისკებს,”- წერია განცხადებაში.

პროკურატურამ ამირან კვირიკაშვილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 9 ნოემბერს დაიწყო. მანამდე საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონული სამმართველო იძიებდა.

“მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილის თვითმკვლელობის დღიდანვე ცნობილი გახდა, რომ მისი ოჯახი და ახლობლები ამ ფაქტს ადგილობრივ პოლიციაში გარდაცვლილის „დაკითხვას“ უკავშირებდნენ. ეს ადგილობრივი პოლიციის მიერ ამ საქმის გამოძიების კომპეტენციას გამორიცხავდა, გამოძიებას ხუთი დღის განმავლობაში მაინც შსს წარმართავდა, რამაც ხელი შეუშალა დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმართვას ამ საქმეში,”-წერია განცხადებაში.

ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების საქმეს ქუთაისის საოლქო პროკურატურა სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) აწარმოებს. 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდათ და სუიციდის მიზეზად პოლიციის მხრიდან მუქარას ასახელებდნენ.

განცხადებაზე ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ადამიანის უფლებათა ცენტრი; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; “თეთრი ხმაურის მოძრაობა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.