ჩხენკელი: მანდატურებს მჭიდრო კავშირი ექნებათ საპატრულო სამსახურთან

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ განათლების სისტემაში ცვლილებები იგეგმება, მათ შორის, უწყებათაშორისი კომისიის შექმნა და მანდატურების ინსტიტუტის საპატრულო პოლიციასთან მჭრიდრო კავშირის დამყარება.

“მე შევხვდი შს მინისტრს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი, სადაც შევლენ სხვადასხვა სამინისტროები- მათ შორის, განათლების,  შინაგან საქმეთა,  იუსტიციის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის- აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდული თემატიკით არიან დაინტერესებულნი,  რომ მოხდეს ჩამოყალიბება სტრატეგიის, რათა მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს”.

ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სკოლაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მანდატურის სამსახური გადაიხედება და დამყარდება მჭიდრო კავშირი საპატრულო პოლიციასთან, რომლებიც სკოლების მიმდებარე ტერიტორიას გააკონტროლებენ.

“პირველ რიგში, საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას, მანდატურების სამსახური გადაიხილება, მოხდება ფუნდამენტური შესწავლა, გაძლიერდება და მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურსა და  საპატრულო პოლიციის შორის. საპატრულო პოლიციის დანიშნულება იქნება მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილების შემდეგ დროისთვის,”- განაცხადა მან.

გარდა ამისა, განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკლებლივ ყველა სკოლის მოცვაა, თუმცა დეტალების გახმიანებისგან თავი შეიკავა.
“უწყებათაშორისი ჯგუფი უკვე შეიკრიბა, კონკრეტული დეტალები, თუ როგორ მოხდება პატრულილება, ამას გაცნობებთ. პატრულირება  მთელი ქვყენის მასშტაბით მოხდება, ჩვენი მიზანია, რომ უკლებლივ ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო. ახლა მიმდინარეობს შესწავლა,” – აღნიშნა ჩხენკელმა.

გარდა ამისა, ჩხენკელმა განაცხადა, რომ ეთანხმება პრემიერის ინიციატივას, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დაიწყოს საუბარი ახალგაზრდებთან. მისი თქმით, კავშირი სამინისტროსა და ახალგაზრდობას შორის საგანმანათლებლო უწყებებში შეხვედრების სახით მოხდება. ამასთან ერთად, მინისტრის თქმით, ყველა სკოლაში ფსიქოლოგებიც ჩაინერგებიან.

“ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თვით პრობლემა არის ძალიან სერიოზული და სერიოზულ შესწავლას მოითხოვს. მე მქონდა შეხვედრები ცნობილ ფსიქოლოგებთან, რომლებიც ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობენ,  აქვთ კვლევბი და  სამუშო გამოცდილება და ძალიან საინტერესო გეგმები დავსახეთ.  სკოლებში იქნებიან ფსიქოლოგები. ასევე, მინდა გითხრათ იმისთვის, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ, ჩართულნი იქნებიან არა მხოლოდ პროფესიონალი ფსქიოლოგები, არამედ ფსქილოგიის მიმართულების საუკეთესო მაგისტრანტები და დოქტორანტები,” – განაცხადა ჩხენკელმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან