ახალი ამბები

რა ვიცით ცხოველიდან ადამიანზე გადამდებ დაავადებებზე – FAO-ს კვლევა

7 დეკემბერი, 2017 • 2173
რა ვიცით ცხოველიდან ადამიანზე გადამდებ დაავადებებზე – FAO-ს კვლევა

საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ, რაც პირდაპირ უკავშირდება სურსათის უვნებლობის საკითხს – ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევაში არის საუბარი.

კვლევა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაკვეთით 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში CRRC-მ ჩაატარა. კვლევა საქართველოში სოფლად მცხოვრები მესაქონლეების წარმომადგენლობით გამოკითხვას, ასევე ფოკუს-ჯგუფებს მოიცავს.  ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გარდა, მოიცავს ინფორმაციას ფერმერთა შორის გენდერული როლების განაწილებისა და მათ მიერ მედია და საინფორმაციო საშუალებების გამოყენების შესახებ.

[gray_box]ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებები[/gray_box]

კვლევის თანახმად, ფერმერთა ნახევარზე მეტს (57%) საკუთარი მსხვილფეხა საქონელი იდენტიფიცირებული ჰყავს საყურე ნიშნებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველზე  ვეტერინარული ზედამხედველობა არის განხორციელებული.

“მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ მესაქონლეთა უმეტესობა ვერ ხედავს კავშირს ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის,”- ვკითხულობთ კვლევაში.

კერძოდ, ცხოველისთვის საყურე ნიშნის დამაგრების მიზნებში რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილი ასახელებს ცხოველისა და ადამაინის ჯანმრთელობის უზრუნველყოფას:

ამონარიდი FAO-ს კვლევიდან

ხოლო გამოკითხულ ფერმერთა 66% არ მიიჩნევს, რომ საქონლის საყურე ნიშანი მნიშვნელოვანია ადამიანისა და საქონლის ჯანმრთელობისთვის.

ამონარიდი FAO-ს კვლევიდან

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რამდენად ინფორმირებული ხართ საქონლის დაავადებების შესახებ? შეაფასეთ საკუთარი ცოდნა შკალაზე, სადაც 0 ნიშნავს „საერთოდ არაფერი ვიცი ცხოველთა დაავადებების შესახებ“, ხოლო 10 ნიშნავს „ყველაფერი ვიცი ცხოველთა დაავადებების შესახებ“, გამოკითხულთა 29%-მა აღნიშნა, რომ თითქმის არაფერი იცის ცხოველთა დაავადებების შესახებ.

ამონარიდი FAO-ს კვლევიდან

“ეს ნიშნავს, რომ ფერმერები და მათი ოჯახის წევრები ცხოველიდან ადამიანზე გადამდები (ზოონოზური) დაავადების პირველად რისკ-ჯგუფის კატეგორიაში არიან,”- ვკითხულობთ კვლევაში.

მწვავე ზოოზონურ ინფექციურ დაავადებებს მიეკუთვნება ჯილეხი, რომელიც ადამიანს დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა. ჯილეხის შემთხვევებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) აღრიცხავს. მათს ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოში დაფიქსირებული “ყველა შემთხვევა კლინიკურად გამოხატულია კანის ფორმით”. NCDC აქვეყნებს ჯილეხით ადამიანთა დაავადების სტატისტიკასაც, სადაც ვაქცინაციის პროგრამის ამოქმედების გამო ჯილეხის შემთხვევების კლებაზეა საუბარი, კერძოდ, 2016 წელს 27 შემთხვევა დაფიქსირდა:

“ბოლო წლებია შემთხვევების რაოდენობა იკლებს (2012 წელი -142 შემთხვევა, 2013 წ. – 143 შემთხვევა, 2014 წ. – 57 შემთხვევა, 2015 წ. – 57 შემთხვევა, 2016 წ. – 27 შემთხვევა), რადგან აღდგა ცხოველთა ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ერთეულ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურებისთვის გვიანი მიმართვიანობის გამო, რეგისტრირდება თითო ლეტალური შემთხვევა (2011, 2013, 2017 წლებში)” – აცხადებს NCDC.

ჯილეხის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის (2016-2020) დოკუმენტის მიხედვით, პირუტყვთა რამდენიმე დაავადება ჭარბობს საქართველოში, რომელიც საზიანოა როგორც ფერმერებისთვის, ასევე  მომხმარებლებისათვის, მათ შორის, ჯილეხის გარდა, ესენია ბრუცელოზი და ცოფი.

როგორც FAO-ს კვლევაში ვკითხულობთ, გამოკითხულთა 58% საკუთარი ცხოველისაგან წარმოებული ნაწარმის (რძე, ყველი, ხორცი) უდიდეს ნაწილს, 76-100%-ს თავად მოიხმარს.

“სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის ფაქტი, რომ ფერმერთა მხოლოდ 4-მა პროცენტმა დაკლა მსხვილფეხა საქონელი სასაკლაოში ბოლო 12 თვის მანძილზე,”- აღნიშნულია კვლევაში.

ამონარიდი FAO-ს კვლევიდან

სოფლის მეურნეობის სამიინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამას, რომლის ფარგლებში, ცხოველებს უტარდებათ უფასო ვაქცინაცია როგორც ზოონოზურ, ასევე, სხვა დაავადებებზე.

FAO-ს ინფორმაციითვე, 2017 წლიდან საქართველო ეტაპობრივად გადადის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის გაუმჯობესებულ სისტემაზე NAITS, რომელიც შესაძლებელს გახდის,~ როგორც სურსათის უვნებლობის ხარისხის გაუმჯობესებას, აგრეთვე, დაავადებების პრევენციას.

თუმცა, როგორც კვლეის ორგანიზატორები ამბობენ, უფრო მეტი არის ამ კუთხთ გასაკეთებელი:

„კვლევამ გამოავლინა სფეროები, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და FAO-მ მუშაობა უნდა გააძლიერონ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ფერმერებმა გააცნობიერონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და უფრო აქტიურად ითანამშრომლონ როგორც სახელწიფო სტრუქტურებთან, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“ – განაცხადა FAO-ს NAITS პროგრამის ხელმძღვანელმა მიხეილ სოხაძემ.

[gray_box]როგორ არის გადანაწილებული გენდერული როლები?[/gray_box]

კვლევის თანხმად., ქალები და კაცები თითქმის თანაბარ დროს უთმობენ ცხოველთა მოვლა-პატრონობას (2 საათი და 40წ.) ასევე ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს საქონლის მკურნალობასთან დაკავშირებით. თუ კაცები პასუხისმგებლები არიან ცხოველთა საკვებით უზრუნველყოფაზე, ქალების ვალდებულებაა ცხოველის მოწველა და პროდუქტების წარმოება.

ცხოველური პროდუქტის გაყიდვაზე ძირითადად ქალები არიან პასუხისმგებლები, თუმცა საქონლის გაყიდვა კაცების პრეროგატივაა.
გენდერული როლების გადანაწილებასთან დაკავშირებით განსხვავებები რეგიონების მიხედვით იკვეთება. მაგალითად, მარნეულში მამაკაცების მიერ საქონლის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, კვლევის სხვა არეალებთან შედარებით.

გენდერული თვალსაზრისით გამორჩეული ადგილია ახალქალაქი, სადაც ყველაზე მაღალია ქალების მიერ საქონლის და საქონლის პროდუქტის გაყიდვით მიღებული შემოსავალი.

[gray_box]რა საშუალებებით იღებენ ფერმერები ინფორმაციას?[/gray_box]

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილისთვის (82% ყველა ასაკობრივ ჯგუფში), ტელევიზია კვლავ რჩება ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ. მეორე და მესამე ადგილს, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, მეგობრები/მეზობლები (24%) და ინტერნეტი (10%) ინაწილებენ.

ფერმერებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ტელეკომპანიები: „იმედი“( 55%) და „რუსთავი2 “(54%) სარგებლობენ, მათ მოსდევთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი (5%), ტელეკომპანია „მაესტრო“ (3%) და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი -2% (აქვე უნდა აღინიშნოს რეგიონის შიგნით აჭარის საზ. მაუწყებლის ყურების წილი 11%-ია).

გამოკითხულთა 19% უპირატესობას ანიჭებს ან სომხურ, ან აზერბაიჯანულ-თურქულ, ან რუსულ არხებს. როგორც გამოკითხვამ, ასევე ფოკუს-ჯგუფებმა აჩვენეს, ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა საერთოდ არ/ვერ (ქართული ენის არცოდნის
გამო) უყურებს ქართულ არხებს.

კვლევაში საუბარია ინტერნეტის მოხმარებაზეც: გამოკითხულთა 24%, რომელთა ასაკობრივი ჯგუფი 35 წლამდეა, თითქმის ყოველდღიურად იყენებს ინტერნეტს. ასაკის ზრდასთან ერთად ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი იკლებს. ინტერნეტში ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელებს, Facebook, (41%) YouTube (34%) Odnaklasniki.ru (15%) იყენებენ, ასევე ინტერნეტ საიტებს: myvideo.ge (12%), ambebi.ge (9%).

ამავე კვლევით, რეგიონებში უკიდურესად დაბალია რადიოს და ჟურნალ-გაზეთების მოხმარების პროცენტი – გამოკითხულთა 94% საერთოდ არ უსმენს რადიოს, ხოლო ჟურნალ-გაზეთებს არ კითხულობს 84%.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი