ახალი ამბები

არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში: კანდიდატების ბრალდებები კორუფციასა და კლანურობაზე

7 დეკემბერი, 2017 • 3131
არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში: კანდიდატების ბრალდებები კორუფციასა და კლანურობაზე

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. კანდიდატების ნაწილი კლანურ მმართველობაზე საუბრობს, ხოლო მოქმედი თავმჯდომარე ერთ-ერთ კანდიდატ დავით ასათიანს მხარდაჭერას ღიად უცხადებს.

დღეს, 7 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირმა ჭკადუამ  პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა იმის შესახებ, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრობით რამდენიმე ადვოკატი სარგებლობს.

“არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანები მუდმივად ტრიალებდნენ და არ შეიძლება ერთმა და ორმა ადამიანმა, თუნდაც 10–მა ადამიანმა გადაწყვიტოს, რა ჯობია ადვოკატებისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ მოქმედმა თავმჯდომარემ, ჩვენთვის პატივსაცემმა პიროვნებამ, ზაზა ხატიაშვილმა, მემკვიდრე დაგვიტოვოს”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ირმა ჭკადუამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მას არ ჰყავს გუნდის წევრები და მიაჩნია, რომ არავინ უნდა ირჩეოდეს უმრავლესობით ამა თუ იმ სისტემაში. ჭკადუას აზრით, მისი უპირატესობა ისაა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია და მისი არჩევის შემთხვევაში ასოციაციის პირველი ქალი თავმჯდომარე იქნება. ჭკადუას თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ასოციაციაში ობიექტურობისა და გამჭვირვალობის ხარისხი მოიმატებს.

ირმა ჭკადუას თქმით, მისი პრიორიტეტი ყველა ადვოკატის ჩართულობა იქნება. იგი საუბრობს იმის შესახებ, რომ ზაზა ხატიაშვილის მხარდაჭერილი კანდიდატი დავით ასათიანი, ასევე, თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა, ადვოკატებს რესტორნებში პატიჟებენ.

“არ მაქვს არც იმის ფინანსური შესაძლებლობა და რესურსი, რომ ადვოკატები დავპატიჟო რესტორნებში, არც იმის შესაძლებლობა მაქვს, რომ ადვოკატები ავტობუსებით და მარშრუტკებით ჩამოვიყვანო ბათუმიდან და ზუგდიდიდან… ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება. თავმჯდომარეს [ზაზა ხატიაშვილს დავით ასათიანი] დაჰყავს ქალაქიდან–ქალაქში და მემკვიდრედ გამოაცხადა”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ირმა ჭკადუა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრია 2013 წლის დეკემბრიდან, ხოლო 2015 წლიდან იუსტიციის სამინისტროს საპროკურორო საბჭოს წევრია. 2015 წლის 27 ოქტომბერს ირმა ჭკადუა ამ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა აირჩია, წინააღმდეგი არც ერთი დეპუტატი არ იყო. ჭკადუა ამბობს, რომ საპროკურორო საბჭოს დატოვებს, თუკი ასოციაციის პრეზიდენტად აირჩევენ.

ირმა ჭკადუა ერთ-ერთი მოწმეა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში, რომელსაც ილია მეორის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. ამავე საქმესთან დაკავშირებული მასალების რუსთავი 2–ის მიერ გასაჯაროვების გამო ირმა ჭკადუა ჟურნალისტს თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა, გამოძიება პროკურატურამ გასაჯაროვების გამო სსკ–ს 374–ე მუხლის მიხედვით დაიწყო.

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატმა მაგდა კოტრიკაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ხვალ გამოაქვეყნებს იმ დოკუმენტებს, რომლებიც ადვოკატთა ასოციაციაში ფინანასების გაუმჭვირვალე ხარჯვას შეეხება.

ადვოკატის თქმით, მძიმე მდგომარეობაა სასწავლო პროგრამების კუთხით, იქიდან გამომდინარე, რომ დაფარულია დაფინანსების/გრანტების შესახებ ყველა ინფორმაცია.

ადვოკატმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც ასევე არის დავით ასათიანის გუნდის წევრი, ასოციაციის სასწავლო ცენტრის კოორდინატორია და 1200 ლარს იღებს ხელფასის სახით, ასევე, ყველა უცხოური საგრანტო პროექტიდან იღებს დაფინანსებას.

მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, რომ სასწავლო ცენტრის თანამშრომლები ადვოკატთა შემოწირულობიდან იღებენ 1600–1400-ლარიან ხელფასს და ამის გარდა ყველა პროექტიდან აქვთ დაფინანსება.

კოტრიკაძის ცნობით,2016 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ასოციაციას 282 000 ლარი გადაეცა და უჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ და სად გამოიყენეს ეს თანხები.

კოტრიკაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ, არიან სწორედ ასათიანის გუნდში. კოტრიკაძეს საეჭვოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ საადვოკატო ეთიკის 9 ტრენინგში ირაკლი კორძახიამ მიიღო 900 ლარი, ხოლო ირაკლი ყანდაშვილმა  3 ტრენინგში მიიღო 1464 ლარი.

ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით კლანურობის პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი კანდიდატი დავით ებრალიძე, ის ამ კლანების წარმომადგენლებად მიიჩნევს მის კონკურენტებს – დავით ასათიანსა და ლევან ჯანაშიას. მისი თქმით, ეს ადამიანები საკუთარი გუნდებით აპირებენ მოსვლას ასოციაციის ხელმძღვანელობაში და ეს პრობლემატურია, ვინაიდან, მისი თქმით, ერთი გუნდის მიერ არ უნდა კომპლექტდებოდეს აღმასრულებელი რგოლი და სარევიზიო კომისია.

დავით ასათიანი ამბობს, რომ ბრალდებები კორუფციულ გარიგებებსა და არათანაბარ პირობებში ჩაყენების შესახებ არასერიოზულია.

“ადვოკატთა ასოციაციაში ყველას აქვს თანაბარი პირობები, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის პროფესიული არჩევნები. შესაბამისად, არავის არ შეზღუდვია რაიმე საარჩევნო აქტივობა თბილისში თუ რეგიონებში. [არჩევნებამდე] ორი დღით ადრე ასეთი ბრალდებები სერიოზულად არ აღიქმება”, – განაცხადა ასათიანმა.

ასათიანის თქმით, არც მას და არც მისი გუნდის წევრებს ასოციაციაში საქმიანობით არ აუღიათ ანაზღაურება. დავით ასათიანი ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრია 2013 წლიდან. მას საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობა უკავია. 

დავით ასათიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს იმ ადვოკატებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს იყვნენ რეპრესირებული იმის გამო, რომ ისინი თავიანთ საქმიანობას ახორციელებდნენ და მათ გვერდით დაუდგა დავით ასათიანი და ზაზა ხატიაშვილი.

დავით ასათიანს მხარდაჭერა გამოუცხადა კომპანია “ბადაგონმა” იმის გამო, რომ იგი კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას უწევდა კომპანიას.

დავით ასათიანის პროგრამის მიხედვით, პრიორიტეტი ადვოკატების უფლებების დაცვაა, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება, ადვოკატების კვალიფიკაციის ამაღლება, სასამართლოებში ექსკლუზიური წარმომადგენლობა, ნებაყოფლობითი ვიწრო სპეციალიზაცია, უფასო იურიდიული დახმარების სისტემის განვითარება, ასოციაციის ინტერნეტტელევიზიის შექმნა და სასამართლო პროცესების ტრანსლაცია.

რაც შეეხება ლევან ჯანაშიას, იგი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის ლექტორებმა წარადგინეს, ხოლო მხარდაჭერა იურიდიული ფირმების ასოციაციამ გამოუცხადა.

წარდგენილი პროგრამის მიხედვით, ჯანაშია აპირებს, რომ შექმნას ადვოკატის უფლებების დაცვის კომიტეტი, იმუშაოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონული განვითარებისთვის. ჯანაშია ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ადვოკატების განგრძობადი განათლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ჯანაშიას მიაჩნია, რომ კანდიდატები არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებული დავით ასათიანის გამო.

“მოქმედი თავმჯდომარე ასახელებს დავით ასათიანს, როგორც მემკვიდრეს. ჩვენ ვთვლით, რომ მოქმედი ხელმძღვანელობისგან ასეთი ტიპის ჩარევა დაუშვებელია”, – ამბობს ჯანაშია.

რაც შეეხება ფინანსურ ბრალდებებს, ჯანაშია ამბობს, რომ ამ საკითხზე რაიმე დოკუმენტური სახის ინფორმაცია არ აქვს და ამიტომ ამ ბრალდებებს ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს.

ჯანაშია ამბობს, რომ მას ჰყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც 2009–2013 წლებში იყო ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში, რომლის საქმიანობის დროსაც ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა.

“ხომ უნდა იცოდეს ამომრჩეველმა, ვინ მოდის კონკრეტული თავმჯდომარე, ამ თავმჯდომარეს რა იდეები აქვს და ვის იდეებს იზიარებს. ჩავთვალეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, გამჭვირვალობის მიზნით, როგორი იქნება შემდეგში სისტემა, ვინ რას უყურებს და ასე შემდეგ. მიზანშეწონილად ჩავთვალეთ.[ჩემი კანდიდატურა] გუნდთან ერთად იყოს წარმოდგენილი”, – განაცხადა ლევან ჯანაშიამ.

ლევან ჯანაშია ამბობს, რომ ასოციაციაში ინფორმირებულობის პრობლემაა.

“მე ვერ ვიტყვი, რომ [ასოციაციაში] გამჭვირვალობის პრობლემა არის. ინფორმაციას არავინ მალავს, ყოველ შემთვევაში მე არ მაქვს ასეთი ფაქტები. უბრალოდ, ეს ინფორმაცია ყოველგვარი მიმართვების გარეშე უნდა იყოს ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე ხდება ადვოკატების ჩართულობის გარეშე. მაგალითად, ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარადგინა ადვოკატთა ასოციაციის ერთმა ჯგუფმა ისე, რომ საერთოდ ადვოკატებისთვის ცნობილი არ იყო, რომ ასეთი პროექტი მზადდებოდა, შინაარსზე აღარც მაქვს ლაპარაკი”, – განაცხადა ლევან ჯანაშიამ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი, ეთიკისა და სარევიზიო კომისიების წევრებს 9 დეკემბერს აირჩევენ.

ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად სულ 12 პირია დასახელებული: დავით ასათიანი, ლევან ჯანაშია, დავით ლანჩავა, იასონ ბესელია, გრიგოლ გაგნიძე, დავით ებრალიძე, ალექსი კობაიძე, ონისე მარგიანი, ვასილ ოსეფაშვილი, ელგუჯა ჩხაიძე, ირმა ჭკადუა, ვაჟა ჯაოშვილი.

ადვოკატთა ასოციაციის წევრია 4 569 ადვოკატი. ასოციაციის თავმჯდომარედ იმ კანდიდატს აირჩევენ, ვინც ხმების 50%–ზე მეტს მიიღებს. თავმჯდომარის გარდა, წევრები აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიების წევრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი