ახალი ამბები

სახალხო დამცველმა დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმა უკანონოდ მიიჩნია

7 დეკემბერი, 2017 • 7238
სახალხო დამცველმა დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმა უკანონოდ მიიჩნია

“საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის როგორც კანონთან, ასევე, მისსავე ადრინდელ პრაქტიკასთან”, – ასეთია სახალხო დამცველის საბოლოო შეფასება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ.

სახალხო დამცველმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს რეკომენდაციით 2017 წლის 30 ნოემბერს მიმართა და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

სახალხო დამცველის შეფასებით, გადაწყვეტილების მიღება შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ მოხდა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე და ისეთი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

“დარღვეულია, აგრეთვე, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების მითითების გზით აქტის წერილობითი დასაბუთების ვალდებულებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ პროცესში სკოლა არ შეაფასეს 2017–2018 წლების სასწავლო გეგმით, ხოლო აქცენტი მთლიანად გადაიტანეს წარსულ პერიოდზე, რის გამოც პროცედურამ ავტორიზაციის პირობების შემოწმების სახე მიიღო, რაც სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ომბუდსმენის შეფასებით, საბჭოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია დაწესებულების მიერ წარმოდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას თანდართული დოკუმენტაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სხვადასხვა საკითხის ობიექტურად შესწავლისთვის.

“გასათვალისწინებელია, რომ საბჭოსთვის პრობლემურ საკითხებს წარმოადგენდა, მეტწილად, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საფუძვლად არსებული დარღვევები. სახალხო დამცველის შეფასებით, კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი მსგავსი ქმედებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვერ გახდება დაწესებულებისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ავტორიზაციის მიზანია სკოლის ინსტიტუციური შეფასება და ის არ წარმოადგენს სადამსჯელო მექანიზმს. ავტორიზაცია უნდა ემსახურებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციურ შეფასებას. მისი მეშვეობით უნდა დადგინდეს, თუ რამდენად არის სკოლა, როგორც ინსტიტუტი, ორიენტირებული განათლების სფეროში არსებული ეროვნული მიზნების მიღწევაზე და რამდენად იძლევა მისი რესურსები აღნიშნული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას.

დაწესებულების გარე შეფასების აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს სკოლის მუდმივი გაუმჯობესების პროცესის ხელშემწყობ საშუალებას და გამიჯნულია წმინდა ადმინისტრაციული შემოწმებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაცია სწორედ ზემოაღნიშნულ მიზნებს ემსახურებოდეს, რასაც, სახალხო დამცველის შეფასებით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის საკითხის განხილვის პროცესი გასცდა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი