ახალი ამბები

იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად – გამოხმაურებები ტრამპის გადაწყვეტილებაზე

7 დეკემბერი, 2017 • 3078
იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად – გამოხმაურებები ტრამპის გადაწყვეტილებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოსაცხადებლად საუკეთესო დროა.

“ეს წინა პრეზიდენტის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა მან ამის გაკეთება ვერ მოახერხა. იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეალობის აღიარებაა,”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა,  რომ აშშ-ის საელჩოს თელავივიდან გადასატანად მზადება დაიწყონ.

დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას პალესტინელების პროტესტი მოჰყვა. პალესტინელებმა ღაზაში აშშ-ის პრეზიდენტის ფოტოები დაწვეს. აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მიუღებელს უწოდებს და ამბობს, რომ  “იერუსალიმი პალესტინის მარადიული დედაქალაქი იყო”. პალესტინის პრეზიდენტის  განცხადებით, აშშ ამის შემდეგ რეგიონში მშვიდობის უზრუნველმყოფელი ვეღარ იქნება.

იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება საუდის არაბეთშიც დაგმეს და მას უპასუხისმგებლობა უწოდეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ კი ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და ამერიკის პრეზიდენტის მადლიერია.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ევროპაშიც აკრიტიკებენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხემება.

“რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას ეს გადაწყვეტილება ვერ დაეხმარება,”- აცხადებს ტერეზა მეი. იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარს არც საფრანგეთი და გერმანი უჭერენ. ამის შესახებ ამ ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს.

NYT-წერს, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელმაც შესაძლოა ძალადობის პროვოცირება გამოიწვიოს და რეგიონში მშვიდობის დამყარება უფრო გაართულოს. ამერიკული გამოცემის თანახმად, აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებამ, შესაძლოა, ეჭქვეშ დააყენოს აშშ-ის მედიატორის სტატუსი ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე ხანგრძლივ კონფლიქტში.

დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ეხმაურება საქართველოში არსებული “ისრაელის სახლი” და ქვეყნის  პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს, საქართველომ  იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს. ოფიციალურ მიმართვაში წერია, რომ საქართველომ, როგორც აშშ-ის სტრატეგიულმა პარტნიორმა, მხარი აუბას აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას.

„ისრაელის სახლის“ ინიციატივაა, რომ მხოლოდ დიდი სახელმწიფოების შემდეგ, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარებდა იერუსალიმს ოფიციალურად ისრაელის დედაქალაქად და თავის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანდა,”- წერია  მიმართვაში.

პარასკევს, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები შეიკრიბებიან და აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას განიხილავენ.

იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება და იქ აშშ-ს საელჩოს გადატანა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

პალესტინელები თვლიან, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი “მომავალი სახელმწიფოს” დედაქალაქი იქნება. ბოლო ჩანაწერები იერუსალიმის სტატუსის შესახებ 1993 წლით თარიღდება. ქალაქის სტატუსი ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო. ისრაელის სუვერენიტეტი იერუსალიმზე საერთაშორისოდ არასდროს ყოფილა აღიარებული. ამ დრომდე სახელმწიფოებს თავიანთი საელჩოები თელავივში აქვთ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი