ახალი ამბები

პარლამენტმა სამთავრობო ცვლილებებზე კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

6 დეკემბერი, 2017 • 1410
პარლამენტმა სამთავრობო ცვლილებებზე კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ცვლილებების პაკეტის მიხედვით, 18-დან 14-მდე მცირდება სამინისტროების რაოდენობა.

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცეპრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. ის პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. ხოლო შს მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი გახარია, რომელიც იმავდროულად იქნება ვიცეპრემიერი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ამ უწყებას უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს;კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდებოდა საგარეო დაზვერვის სამსახური, თუმცა მთავრობამ კანონპროექტის ეს ნაწილი გაიწვია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი