ახალი ამბები

ენმ-ის აქცია თბილისში უკრაინაში მყოფი ლიდერის მხარდასაჭერად

6 დეკემბერი, 2017 • 2710
ენმ-ის აქცია თბილისში უკრაინაში მყოფი ლიდერის მხარდასაჭერად

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო დღეს თბილისში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საპროტესტო აქცია/მსვლელობა “ღირსების მანიფესტაცია” გამართა.

მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და კანცელარიასთან დასრულდა, სადაც პარტიის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, საპროტესო მსვლელობები მათი გეგმის ნაწილია და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის, თუმცა კითხვაზე, თუ როგორია კონკრეტულად მათი გეგმა, პასუხი ჯერ არ არის.

მსვლელობა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს უკავშირდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ნებისმიერი ქართველი მოქალაქის ღირსების საკითხია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაკავება და ხალხმა აუცილებლად უნდა შეახსენოს მთავრობას, რომ როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში, ოლიგარქიული მმართველობა არ დამკვიდრდება.

ეს არის ღირსების მანიფესტი, ღირსების, დიახ, რადგან თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმეა, ხმამაღლა გამოვეხმაუროთ იმ მოვლენებს, რაც დღეს კიევში მოხდა. და ასევე შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ოლიგარქიული მმართველობა მალე დასრულდება როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში. დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ოლიგარქიულ შეთანხმებასთან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილმა უკვე გაიმარჯვა. მან უკვე გაიმარჯვა არა იმ დროს, როდესაც გაათავისუფლა უკრაინელმა ხალხმა, არამედ იმ დროს, როდესაც ის დააკავეს. მაშინ ის უკვე გამარჯვებული იყო, რადგან პოროშენკო წავიდა “ვა ბანკზე” და ყველაზე უგუნური ნაბიჯი გადადგა, რაც შეეძლო,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის დაკავება გამოწვევაა საქართველოს მოსახლეობისთვის.

“ის, რაც მოხდა კივში, ეს იყო გამოწვევა ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის. იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი და ჩემდა და საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინოდ არცერთი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ასე ეპყრობიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს,” – განმარტა მან.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა ნიკა მელიაც. მისი თქმით, ის, რაც გუშინ უკრაინაში მოხდა, სცდება არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მთლიანი რეგიონის მასშტაბებს, ვინაიდან ეს არის დაპირისპირება ოლიგარქებსა და ხალხს შორის.

“ის, რაც გუშინ მოხდა უკრაინაში და დღეს ხდება, რა თქმა უნდა, სცდება უკრაინისა და საქართველოს ფარგლებს, სცდება რეგიონის ფარგლებს, სცდება აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბებს. ეს არის დაპირისპირება ოლიგარქებსა და ხალხს შორის და მთავარი მედროშე, მებრძოლი, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ებრძვის ოლიგარქიას უკრაინაშიც, მიხეილ სააკაშვილი, გაანეიტრალეს როგორც ივანიშვილმა, ასევე პოროშენკომ, მათი შეთანხმებით,“ – განმარტა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი მხარდამჭერები გამოვლენ გარეთ მანამდე, სანამ “არ დაამარცხენებენ ივანიშვილს”.

“ჩვენ გავერთიანებდით ოლიგარქიის წინააღმდეგ, ვინაიდან ისინი გვიტევენ, ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა, ჩვენ გვაქვს გეგმები, გეგმათა ნაწილს ჩვენ დროდადრო გავასაჯაროებთ. გეგმები დამოკიდებულია რიგ ნაბიჯებზე, რომლებსაც გადადგამს ივანიშვილი. მე დარმწუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში 100 ათასობით საქართველოს მოქალაქე ჩაერთვება. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის უკანანო დეპორტირება მოხდება საქართველოში, ჩვენ გამოვალთ და დავრჩებით გარეთ, სანამ არ დავამარცხებთ ივანიშვილს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

კანცელარიასთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა გია ბარამიძემაც. მისი თქმით, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, მთავრობაში მოვიდნენ ოლიგარქები, რომლებზეც მოსახლეობა დიდ იმედებს ამყარებდა და რომლებიც ბოროტად იყენებდნენ ამას. გარდა ამისა, ბარამიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, დღეს ორივე ქვეყნის ბედი წყდება.

დღეს უკრაინაში ცხელი ომი მიდის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და დღეს მიხეილ საკაშვილს, რა თქმა უნდა, ერჩივნა, რომ საქართველოში ყოფილიყო. ის ბინძური ბრალდების გამო გააძევეს ქვეყნიდან, იბრძვის უკარინაში, სადაც წყდება არა მხოლოდ უკრაინის ბედი, არამედ მთელი საქართველოსი,“ – განაცხადა გია ბარამიძემ.

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ნიკა რურუა, რომან გოცირიძე და თინათინ ბოკუჩავა, რომლებმაც მოსახლეობას უფრო დიდი აქტივობისკენ მოუწოდეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მიხეილ სააკაშვილის როლს უკრაინისა და საქართველოს ბრძოლაში ოლიგარქიის წინააღმდეგ.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 5 დეკემბერს დააკავეს კიევში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თუმცა მისმა მხარდამჭერებმა სპეცრაზმს არ მისცა იმ მანქანის ადგილიდან დაძვრის საშუალება, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. რამდენიმე საათიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ სააკაშვილი გაათავისუფლეს მანქანიდან. უკრაინის საგამოძიებო უწყებები მას დღეს ელოდებიან დასაკითხად, თუმცა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

უკრანის საგამოძიებო უწყებების ცნობით, სააკაშვილს ბრალად ედება კრემლისტური და პრორუსული ძალების, კერძოდ, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების – ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან დაფინანსების მიღება აქციებისთვის, რომლის მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა უკრაინაში. სააკაშვილი ამ ბრალდებებს ფაბრიკაციას უწოდებს. კიევში, რადას შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს და გაათიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი