ახალი სამინისტროს სახელში ჯერ სოფლის მეურნეობა უნდა ეწეროს, შემდეგ გარემოს დაცვა – დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი ოთარ დანელია აცხადებს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შერწყმის შედეგად შექმნილი ახალი უწყების დასახელებაში ჯერ სოფლის მეურნეობა უნდა ეწეროს და შემდეგ გარემოს დაცვა. როგორც დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამას სოფლის მეურნეობის დარგისთვის სასიცოცხლო და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც მთავრობის რესტრუქტურიზაციას ეხება, დასახელება პირიქითაა – ახალ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჰქვია.

“სოფლის მეურნეობა პრიორიტეტია და საქართველო არის აგრარული ქვეყანა. ვფიქრობთ, რომ სასიცხოხლო მნიშვნელობის, პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ, რომ სამინისტროს დასახელებაში პირველი იყოს სოფლის მეურნეობა და შემდეგ გარემოს დაცვა. ამ პრაქტიკას ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ვიღებთ. EU-ს 25 ქვეყანას სწორედ ეს თანმიმდევრობა აქვს [შესაბამისი სამინისტროს დასახელებაში]. გთხოვთ გაითვალისიწნოთ, რადგან დარგისთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ დასახელება”, – განაცხადა დანელიამ, რომელიც სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრია, ამჟამად კი, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი.

დანელიას საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ უპასუხა. მისი თქმით, მთავრობისთვის ორივე დარგი თანაბრად პრიორიტეტულია, რაც ახლო მომავალში, როდესაც ახალი უწყების სტრუქტურა და ფუნქციები დამტკიცდება, თვალნათლივ გამოჩნდება, თუმცა სახელწოდება დარჩება ისეთი, როგორც ამჟამადაა კანონპროექტში მოცემული – “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო”.

“ჩვენ თქვენგან დღეს ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, თუ რატომ არ იზიარებთ ამ რეკომენდაციას. ეს დარგისთვის ძალიან მნიშნელოვანია, ამას დიდი დატვირთვა აქვს და არავის ახირება არ არის. პრიორიტეტები, მიდგომები და აქტუალობა რომ გამოხტული იყოს, ეს არის მნიშნელოვანი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ და ამ რეკომენდაციის გათვალისწინება მთავრობის მხრიდან კიდევ ერთელ მოითხოვა.

შალვა თადუმაძემ თქვა, რომ მეორე მოსმენისთვის სახელწოდების საკითხზე კიდევ ერთხელ შეიძლება კონსულტაციის გავლა.

დღეს პარლამენტში მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების საკითხი პირველი მოსმენით განიხილება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com