ახალი ამბები

პოროშენკო: ხალხი ხვდება, რომ კამპანიას მოსკოვი აფინანსებს და კარვების ქალაქში არ მიდიან

6 დეკემბერი, 2017 • 2631
პოროშენკო: ხალხი ხვდება, რომ კამპანიას მოსკოვი აფინანსებს და კარვების ქალაქში არ მიდიან

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის კიევში წარუმატებელმა დაკავებამ მთელი ქვეყანა შეძრა და შოკში ჩააგდო. პოროშენკოს თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინის ნაციონალურმა გვარდიამ და ჯარმა ქვეყნის აღმოსავლეთით ფრონტი გაამაგრა, მტერი გამარჯვებას ცდილობს დესტაბილიზაციის დათესვით. პოროშენკოს თქმით, მოსკოვი ამისთვის არც ფულს იშურებს:

“მეგონა, ვერაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ იმან, რაც მთელმა ქვეყნამ გუშინ ნახა და მოისმინა, ყველა შეძრა და შოკირებული დატოვა. რა თქმა უნდა, მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და უკრაინის გენერალურ პროკურატურას გაწეული სამსახურისთვის. მაგრამ, რაც სასიხარულოა, უკრაინელმი ხალხი უფრო ადრე მიხვდა, რომ ეს კამპანია მოსკოვიდან ფინანსდებოდა და ამიტომაც არ მიდიან კარვების ქალაქში რადასთან” – თქვა პოროშენკომ.

პოროშენკოს თქმით, უკრაინის მთავრობა პატივს სცემს ადამიანის უფლებას, გამოხატოს პროტესტი:

“ჩვენ ამის მაგალითი წინა კვირების განმავლობაშიც ვაჩვენეთ, მიუხედავად იმისა, რომ აქციის ორგანიზატორები სისხლიან დაპირისპირებას ელოდნენ და ძალოვნების პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდნემ” თქვა პოროშენკომ.

დღესვე, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოდესის ყოფილ გუბერნატორზე ძებნაა გამოცხადებული. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიევში 5 დეკემბერს გაუჩინარდა და მას უკრაინის პოლიციის მთავარი სამმართველო ეძებს. ინფორმაციას ამის შესახებ unian ავრცელებს. 

თუმცა დღეს, 6 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილი რადასთან განთავსებულ კარვების ქალაქში იმყოფებოდა. სააკაშვილმა საკუთარი გეგმები მხარდამჭერებს გააცნო. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთელი ღამე კარვების ქალაქში გაატარა და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.  

მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 5 დეკემბერს დააკავეს კიევში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თუმცა მისმა მხარდამჭერებმა სპეცრაზმს არ მისცა იმ მანქანის ადგილიდან დაძვრის საშუალება, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. რამდენიმე საათიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ სააკაშვილი გაათავისუფლეს მანქანიდან. უკრაინის საგამოძიებო უწყებები მას დღეს ელოდებიან დასაკითხად, თუმცა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

უკრანის საგამოძიებო უწყებების ცნობით, სააკაშვილს ბრალად ედება პრორუსული ძალების, კერძოდ, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების – ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან დაფინანსების მიღება აქციებისთვის, რომლის მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა უკრაინაში. სააკაშვილი ამ ბრალდებებს ფაბრიკაციას უწოდებს. კიევში, რადას შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს და გაათიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი