რატომ არ უშვებენ ქართველ ჟურნალისტებს უკრაინაში

მეორე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილის საკითხისა და მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად კიევში წასულ ქართველ ჟურნალისტებს უკრაინის ტერიტორიაზე არ უშვებენ. მესაზღვრეებმა გადამღები ჯგუფები ბორისპოლის აეროპორტში რამდენიმე საათით დააყოვნეს, გასაუბრების შემდეგ კი უარი განუცხადეს ქვეყანაში შესვლაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება

როგორც საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, კიევში, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსთვის ცნობილია იმ ფაქტის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვეს ქართველი ჟურნალისტების ნაწილი.

უწყების განცხადებით, ამასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსა და საკონსულო წარმომადგენლობას როგორც ელჩის, ასევე კონსულის დონეზე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, კერძოდ, შესაბამის სამსახურებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საელჩო აქტიურ კავშირზეა თავად ქართველ ჟურნალისტებთან, რათა ისინი შეუფერხებლად დააბრუნონ სამშობლოში. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, კონსული ამ წუთებშიც იმყოფება კიევის საერთაშორისო აეროპორტში.

რას ჰყვებიან მედიის წარმომადგენლები

TV პირველის წამყვანი, ვახო სანაია ამბობს, რომ ორი საათის განმავლობაში უხსნიდა მესაზღვრეებს, რომ კიევში მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად მიდიოდნენ. თუმცა, როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მესაზღვრეები მთელი ამ ხნის განმავლობაში იმეორებდნენ, რომ მათთვის გაუგებარი იყო, რის გამო სურდათ TV პირველის თანამშრომლებს უკრაინაში შესვლა.

“როდესაც საპასპორტო კონტროლს მივუახლოვდით, მესაზღვრემ გამოიძახა თავისი თანამშრომელი და გამიყვანა ცალკე ოთახში, სადაც გარკვეული შეკითხვები დამისვეს, პასპორტი კი თავისთან დაიტოვეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მითხრეს, რომ უარია ქვეყანაში შესვლაზე. მიზეზი იყო ჩემთვის ბანალური და გაუგებარი – “ვერ დავასახელე”, თუ რატომ შევდიოდი ქვეყანაში. არადა, ჩვენი მთელი საუბარი იყო სწორედ მიზანთან დაკავშირებით. მათ აბსოლუტურად სწორად ვუთხარი, რისთვისაც მივდიოდი, როგორც ჟურნალისტი – იმ პროცესების გასაშუქებლად, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა უკრაინაში.

სამწუხაროდ, ამის იქით რაიმე განმარტება არ ყოფილა, მიუხედავად ჩემი მცდელობისა; მუდმივად მპასუხობდნენ ერთსა და იმავეს, თითქოს არ იყო დასაბუთებული, რატომ მინდოდა უკრაინაში შესვლა. ბორისპოლის აეროპორტში ჩასვლიდან ორი საათის შემდეგ უკან გამოგვაბრუნეს. ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, როდესაც აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ღიად ვუთხარით, რისთვისაც მივდიოდით, მივაწოდეთ ყველანაირი ინფორმაცია, საიდან და ვინ ვიყავით,” – ამბობს ვახო სანაია.

პირველი არხის ჟურნალისტი, სალომე ქოქიაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს ქვეყანაში შესვლაზე უარი ისე უთხრეს, რომ მიზეზებიც არ განუმარტეს და მისცეს უკრაინულად შედგენილი დოკუმენტი:

“წაიღეს პასპორტები, მიზეზი არ ვიცით, რატომ არ შეგვიშვეს. უბრალოდ გვითხრეს – უარიაო. დოკუმენტებზე ხელი არ მოგვიწერია, რომელიც უკრაინულადაა შედგენილი და ჩვენთვის გაუგებარია. ვითხოვეთ განმარტება, მაგრამ უარი განგვიცხადეს. როცა ჩავფრინდით, მე და ოპერატორი გაგვატარეს, ჩართვის ინჟინერი კი შეაყოვნეს, შემდეგ კი დაგვირეკეს და ჩვენც შეგვაბრუნეს. რამდენიმე წუთში თბილისში გამოვფრინდებით.”

მესაზღვრეებმა ბორისპოლის აეროპორტიდან ქვეყანაში შესვლის უფლება რამდენიმესაათიანი ლოდინისა და დოკუმენტების შემოწმების შემდეგ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძეს არ მისცეს.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, დაუშვებელია, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ჟურნალისტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ და მომხდარით მისი ქვეყნის ხელისუფლება არ დაინტერესდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.