ახალი ამბებიეკონომიკა

როგორ გეგმავს მთავრობა ფაროსნის წინააღმდეგ ბრძოლას 2018 წელს

6 დეკემბერი, 2017 • 3487
როგორ გეგმავს მთავრობა ფაროსნის წინააღმდეგ ბრძოლას 2018 წელს

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზიური ფაროსნის წინააღმდეგ საბრძოლველად მომავალი წლისთვის სტრატეგია შეიმუშავა. სამინისტროს ინფორმაციით, მავნებელ მწერთან სახელმწიფო სამი მიმართულებით იმუშავებს:

  1. პირველი მოსახლეობის ინფორმირება;
  2. მონიტორინგი;
  3. ქიმიური შეწამვლა.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ჯამში დაახლოებით 50 მლნ ლარი დაიხარჯება, თუმცა ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 35 მლნ ლარის დახარჯვა 2017 წლის დეკემბერში მოხდება.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, მიმდინარე წლის დეკემბერში წამლის და მანქანების შეძენა მოხდება. 2018 წლის ბიუჯეტში ფაროსნას წინააღმდეგ ბრძოლისთვის 14 მლნ გამოიყოფა. სამინისტროში განმარტავენ, რომ საერთო ჯამში მავნებელი მწერის წინააღმდეგ სახელმწიფო დაახლოებთ 50 მლნ ლარს დახარჯავს.

“მომავალი წლისთვის,  ნაცვლად 12-სა 132 მანქანა გვექნება. ეს არის ჩვენი პარკის სერიოზული გაძლიერება, რათა დროის მოკლე მონაკვეთში ეფექტურად განვახორციელოთ მავნებელზე  დარტყმა. ამავე მიზნებისთვის ჩვენ დაახლოებით 16 მლნ ლარის წამალს  ვყიდულობთ,”-აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მავნებლის წინააღმდეგ პირეტროიდული ჯგუფის ბიფეტრინის შემცველ პრეპარატებს გამოიყენებსკითხვაზე – საკმარისია თუ არა დაახლოებით 50 მლნ ლარი ფაროსნას წინააღმდეგ საბრძოლველად, გიორგი ხანაშვილი გვპასუხობს, რომ ეს თანხა საკმარისია წამლის და ტექნიკის შესაძენად .

“ჩვენ გვაქვს რაიონები, სადაც შეიძლება ერთი ფაროსანა იყოს ან ორი. ბუნებრივია, აქ მასიური ბრძოლა და მილიონების ხარჯვა ამ ეტაპისთვის საჭირო არ არის,”-აცხადებს გიორგი ხანიშვილი.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ 2017 წელს სამინისტრო მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებდა და ეს მონიტორინგი 2018 წელსაც გაგრძელდება. მონიტორინგის ფარგლებში, დაგეგმილია სპეციალური დამჭერი ხაფანგების (ფერომონების) განთავსება.  მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, როგორიცაა ქიმიური წამლობა. გიორგი ხანაშვილის თქმით, მონიტორინგი 30-40 ათასი ფერომონების დაყენებას გულისხმობს, რაც ინფორმაციის მიღებას მთელი საქართველოდან უზრუნველყოფს.

“იმ რაიონებში, სადაც დამაზიანებელი რაოდენობის ფაროსანა იქნება, მის წინააღმდეგ ბრძოლა წარიმართება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. მომავალ წელს მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობა როგორ იბრძოლებს მავნებლის  წინააღმდეგ, რადგან 800 ათასი ფერმერის გასაკეთებელს სახელმწიფო ვერ გააკეთებს,”- აცხადებს გიორგი ხანიშვილი.

ტიმ ჰეი შვეიცარიაში ბიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიის ხელმძღვანელია. შვეიცარიელი სპეციალისტი აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, ხელისუფლებას ურჩევს გააგრძელოს მონიტორინგი და ნარგავების ქიმიური დამუშავება.

”შვეიცარიაში ამ წლამდე ფაროსანა არ გამოჩენილი, თუმცა იტალიაში ეს დიდი ხანია არსებობს და სერიოზული პრობლემაა. ქიმიური საშუალებების გამოყენება ეფექტურია, მაგრამ ფაროსანა ვრცელდება ბუნებაშიც, სადაც ქიმიურ წამალს ვერ გამოიყენებ. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებები გამოვიყენოთ. მაგალითად, წელს ვაპირებთ ჩინეთიდან შემოვიყვანოთ ჩინური კრაზანა, რომელიც ანადგურებს ფაროსანას კვერცხებს. იმედი გვაქვს ეს კარგ შედეგს გამოიღებს,”- აცხადებს ტიმ ჰეი. 

ტიმ ჰეის თქმით, ბუნებრივი მტრის გავრცელებას რამდენიმე წელი სჭირდება, თუმცა ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია. აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს  მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50–60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს ჯერჯერობით უცნობია. რამდენიმე თვის  წინ, პარტია “ევროპულმა საქართველომ”  აზიური ფაროსნას მიერ გამოწვეული ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნის მოთხოვნით  სახელმწიფო კანცელარიაში ხელმოწერები მიიტანა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი