ახალი ამბები

პროკურატურის მოთხოვნით ციანიდის საქმეზე პროცესები სააპელაციომაც დახურა

6 დეკემბერი, 2017 • 2613
პროკურატურის მოთხოვნით ციანიდის საქმეზე პროცესები სააპელაციომაც დახურა

6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნით, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესები თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დახურა, სადაც პირველი ინსტანციის განაჩენის გადასინჯვა დღეს დაიწყო. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას.

პროკურორი კვლავ აცხადებს, რომ საქმეში არის მტკიცებულებები, რომლებზე საუბარიც საჯარო სხდომაზე არ არის მიზანშეწონილი. ბრალდების მხარემ სხდომის დახურვის შესახებ შუამდგომლობის განხილვა ასევე დახურულ რეჟიმში მოითხოვა, რაც ასევე დააკმაყოფილა და დამსწრეებს სთხოვა, დაეტოვებინათ სასამართლო დარბაზი. ამ შუამდგომლობის განხილვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ პროცესების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ეწინააღმდეგებოდნენ.

საქმის განმხილველმა კოლეგიამ- ნათია ბარბაქაძის, მურმან ისაევის და მანუჩარ კაპანაძის შემადგენლობით- გამოაცხადა, რომ ვერ გაიზიარებდნენ დაცვის მხარის არგუმენტს იმის შესახებ, რომ საქმეში არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი მტკიცებულებები.

“ეს ჩვენებები პირადი ცხოვრების სფეროს მიეკუთვნება და უმეტესი მათგანი ეხება სასულიერო პირებს,” – განაცხადა კოლეგიამ და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

სააპელაციო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვენ, ხოლო პროკურატურამ განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან იმის შესახებ, რომ მამალაძემ ციანიდი შეიძინა და შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ამზადებდა.

პროკურატურა საქალაქოს გადაწყვეტილებას მოტივის ნაწილში ასაჩივრებს და აცხადებს, რომ მამალაძეს შურისძიებისა და ანგარების მოტივი ამოძრავებდა.

[red_box]ე.წ. ციანიდის საქმე – ყველა ამბავი[/red_box]

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი