ახალი ამბები

როგორ უნდა მოხდეს არასრულწლოვნებში ძალადობის პრევენცია – ინტერვიუ მაია ქურციკიძესთან

6 დეკემბერი, 2017 • 3509
როგორ უნდა მოხდეს არასრულწლოვნებში ძალადობის პრევენცია – ინტერვიუ მაია ქურციკიძესთან

1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე, მეორე კი შემთხვევიდან მეორე დღეს, სამედიცინო დაწესებულებაში დაიღუპა. რა იწვევს მსგავს აგრესიას არასრულწლოვნებში და როგორ უნდა მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია – ამ კითხვებით ნეტგაზეთი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. გთავაზობთ ინტერვიუს მაია ქურციკიძესთან:

რა იწვევს მსგავს აგრესიას არასრულწლოვნებში?

ეს რთული საკითხია. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ერთი მიზეზი განაპირობებს. სხვადასხვა ფაქტორი აქვს ამას, მაგრამ, ზოგადად, აგრესიას ახალგაზრდებშიც და ბავშვებშიც იწვევს ის აგრესიული ფონი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს და, ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ძალადობა არის მიჩნეული სოციალურ ნორმად და ეს გამოიყენება, როგორც ქცევის წარმატებული მოდელი. ამიტომაც ბავშვზე ძალადობა ყველგან, იგივე ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში, ყველგან ბავშვი ხედავს სწორედ ამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას და ამიტომ მას მიაჩნია, რომ ეს არის ქცევის წარმატებული მოდელები და თავადაც ცდილობს ამ მოდელის გამოყენებას სხვასთან მიმართებით. შესაბამისად, ბავშვი უყურებს, რომ ეს ქცევა არ არის გაკიცხვადი, მისგან მოელიან, რომ ასე მოიქცეს. ეს არის ის ნორმატიული ქცევა, რომელიც საზოგადოებაში, სამწუხაროდ, არსებობს. ამიტომ ბავშვის აღზრდის სასურველ მეთოდად მკაცრი აღზრდაა მიჩნეული, რაც ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მოიაზრებს.

ძალადობაში ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას და რაღაც ექსტრემალურ გამოვლინებებს ამ ძალადობის, არამედ ძალიან ხშირად, როგორც ოჯახში, ისე სკოლაში. ეს ჩვენი კვლევებითაც დასტურდება და სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშშიც, რომელიც სკოლებში ჩატარდა და ბულინგს და ძალადობას ეხებოდა. ძალიან ხშირია დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ბავშვების მიმართ, ღირსების შემლახავი – ეს უკვალოდ არ ქრება. ეს ყველაფერი ილექება და ბავშვს ძალიან დიდ ტრავმას აყენებს. ამავდროულად, ბავშვი თავად ცდილობს ამავე მეთოდების გამოყენებას.

ასევე, ბავშვებს არ აქვთ ნდობა სისტემის მიმართ, იმ მექანიზმების მიმართ, რომელიც არსებობს. ისინი არ ენდობიან სისტემას, მასწავლებელი იქნება თუ სხვა. თვითონ ცდილობენ პრობლემების მოგვარებას, თუ მათ აქვთ ეს პრობლემები, და როგორ მოაგვარონ უკვე ეს პრობლემები არაძალადობრივი გზით, ამას არავინ ეუბნება ბავშვს, არავინ ასწავლის. ამას ბავშვი უნდა სწავლობდეს საბავშვო ბაღიდანვე, როგორ უნდა იყოს უფრო გახსნილი, ღია, ტოლერანტული, ესეც არ იცის და ამიტომ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ.

აქ მარტო ერთი სექტორის პასუხისმგებლობა არ იკვეთება, მარტო სკოლას ან სხვა სექტორს ვერ დავასახელებთ. ესაა მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობა, სადაც ძალადობა სოციალურ ნორმად არის მიჩნეული.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ უპირველეს ყოვლისა ვიბრძოლოთ, რომ მოხდეს ამ ღირებულებების გადაფასება, რომ აღარ იყოს სოციალურ ნორმად ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში და არც ოჯახში იყენებდნენ ამ მეთოდებს ბავშვების მიმართ, არც სკოლაში. რასაკვირველია, ძალიან ხშირად, მასწავლებლებმაც არ იციან რა არის ძალადობა, ამიტომ თავად ხშირად ძალადობენ ბავშვებზე. ამას სახალხო დამცველის ბოლო მონიტორინგის შედეგები ადასტურებს.

ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. სკოლაში მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი იყოს კვალიფიციური. ის უნდა მიჯნავდეს დისციპლინას და ძალადობრივ ქმედებას, რასაც დღეს ვერ მიჯნავს. როგორ უნდა მართოს რთული ქცევა, ამ საკითხებზე, როგორც ჩანს, არ აქვთ მასწავლებლებს ინფორმაცია და ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელთა მომზადება არა მარტო ტრენინგების სახით, არამედ მასწავლებელთა გადამზადების და მომზადების საუნივერსიტეტო და პროფესიული გადამზადების პროგრამებში იყოს შეტანილი ეს საკითხები.

როგორია სკოლის როლი მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის და რა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით განათლების სისტემაში?

ჩვენი რეკომენდაციაა, სკოლაში შეიქმნას მძლავრი მექანიზმი ძალადობაზე რეაგირების. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ წახალისდეს სკოლაში ძალადობის პრევენციის პოზიტიური მექანიზმი, არა სადამსჯელო. არანაირად არ შეიძლება სადამსჯელო და კიდევ უფრო ძალადობაზე დაფუძნებული მექანიზმი. პირიქით, დირექტორები და მასწავლებლები უნდა იყენებდნენ სწავლების არაძალადობრივ სტრატეგიებს, ისეთ მეთოდებს, რომელიც არ ემყარება შიშს, მუქარას, აგრესიას და ფიზიკურ ძალას. მოხდეს პოზიტიური პედაგოგიკის საკითხების ინტეგრირება მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში. ასევე, თითონ ეს პროფესიონალები, რომლებიც სკოლებში მუშაობენ, უნდა ახდენდნენ რეაგირებას ძალადობაზე. უნდა ახდენდნენ გამოვლენას დროულად ამ ძალადობის და მათზე რეაგირებას. ამის მექანიზმი სახელმწიფოში არსებობს. ეს არის ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურები, რომელიც ყველა პროფესიონალს ავალდებულებს, რომ მოახდინოს რეაგირება. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი კვლევებით დასტურდება, რომ სკოლაში მომუშავე პერსონალმა ამის შესახებ არ იცის, არ იციან თავიანთი ვალდებულებების შესახებ. ძალადობად მიიჩნევენ მხოლოდ განმეორებით ჩადენილ ქმედებას და მხოლოდ მძიმე ფორმას. მნიშვნელოვანია, მათ იცოდნენ, თუ რა ვალდებულებები აკისრიათ, რომ მათ თავად ევალებათ გამოავლინონ ძალადობა და მოახდინონ რეაგირება.

ასევე, თვითონ ბავშვების ინფორმირებაც მნიშვნელოვანია, რა არის ძალადობა, რა არის მათი უფლებები. თვითონ უნდა იცოდნენ, ვის შეატყობინონ ძალადობის შემთხვევაში. სკოლებს უნდა ჰქონდეთ შეტყობინების კონკრეტული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ფაქტების გამოვლენას და რეაგირებას. ასევე, სასწავლო პროგრამების საშუალებით ბავშვები უნდა სწავლობდნენ ტოლერანტობის, განსხვავებული აზრის პატივისცემის პრინციპებს, როგორ უნდა გადაჭრა პრობლემები არაძალადობრივი გზით, რომ მათ ეს უნარ-ჩვევები შეიძინონ. ასევე, რაც მთავარია, მოსწავლეები თვითონ უნდა იყვნენ ჩართულნი სკოლის ცხოვრებაში და ძალადობის პრევენციის და ქცევის კოდექსების შემუშავებაში, ანუ აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული სკოლის ცხოვრებაში ბავშვები, რაც სამწუხაროდ, ხშირად არ ხდება.

განათლების მინისტრის თქმით, სკოლაში ფსიქოლოგები დაიწყებენ მუშაობას, თუმცა უკვე არსებობს ეს ინსტიტუტი სკოლებში. აქამდე არაფერექტურად მუშაობდა სკოლებში ფსიქოლოგის სერვისი?

სისტემის ნდობა არ აქვთ, ალბათ, ესაა პასუხი. ჩვენ კონკრეტულად არ შეგვისწავლია, ეს მექანიზმი როგორ მუშობს, ამიტომ გამიჭირდება ახლა კონკრეტულად შევაფასო, რატომ არ მუშაობს და მუშაობს თუ არა.

მანდატურის ინსტიტუტი რამდენად ეფექტურია ამ ფორმით?  

მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, თუმცა, რაც ვისაუბრეთ სკოლის პერსონალზე, ეს, ცხადია, მანდატურებსაც ეხებათ. მათ კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული საკუთარი პასუხიმგებლობა და ვალდებულებები და მოახდინონ დროული რეაგირება. თუ არის გარკვეული ხარვეზები, მათ წესდებაში ესეც გადასახედი და შესასწავლია, კონკრეტულად საუბარი გამიჭირდება. სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი პასუხისმგებელია, რომ იქ იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო.

უწყებათაშორისი კომისია იქმნება, რომლის მიზანიც იქნება  საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება. რამდენად ეფექტური იქნება ეს ინიციატივა, უფრო გამკაცრება სისტემის და ძალოვანი სტრუქტურების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში ხომ არ გამოიწვევს მეტ აგრესიას ბავშვებში?

ჩვენთვის მთავარია, სკოლაში წახალისდეს ძალადობის პრევენციის პოზიტიური მექანიზმები და არა სადამსჯელო. ალბათ, ეს ძირითადად განათლების სექტორის პრობლემა არის და მოსაგვარებელია ის საკითხები. ჩვენ ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან ამ საკითხებზე. ცხადია, ჩავერთვებით ამ პროცესშიც და უფრო დეტალურ ინფორმაციას როცა მივიღებთ, რას ითვალისწინებს ეს მექანიზმი, ალბათ, მერე შეგვეძლება შეფასება.

შსს აცხადებს, რომ იმ პირთაგან, რომლებიც შეესწრნენ მომხდარს, გამოძიებასთან მათი მცირე ნაწილი თანამშრომლობს. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც არ არიან არასრულწლოვნები. მსგავსი მაგალითი უფროსებისგან როგორ გავლენას ახდენს არასრულწლოვნებზე?

ეს გამოვლინდა ჩვენი არაერთი კვლევით, რომ როდესაც ადამიანები ძალადობის მომსწრენი ხდებიან, ისინი არ რეაგირებენ და არაფერს მოიმოქმედებენ იმიტომ, რომ ისინი თვლიან, რომ ეს სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა იქნება, რომ ეს არ არის კარგი საქციელი. ესეც არის ის მავნე სოციალური ნორმა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს. საზოგადოებაში ნახევარი მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა ნორმალურია, უმრავლესობა არაფერს მოიმოქმედებს, თუ გახდება ძალადობის მომსწრე. ეს არის პრობლემები, რომლებიც ზოგადად საზოგადოების პრობლემაა და არა ერთი სექტორის. რასაკვირველია, თუ ადამიანი მომსწრეა ძალადობის, მან უნდა მოახდინოს რეაგირება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ხდება ძალადობის მონაწილე.

როგორია ოჯახის როლი მსგავსი შემთხვევების პრევენციაში და რა რეკომენდაციები არსებობს მშობლებისთვის?

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რა არის პოზიტიური აღზრდა. ხშირად მშობლები საკუთარი გადასახედიდან აფასებენ ბავშვს. მშობლები ზოგჯერ თვლიან, ბავშვი არის მისი საკუთრება, რომ კარგი ბავშვი ნიშნავს ნორმალურ ბავშვს, რომელიც არ განსხვავდება უმრავლესობისგან, რომ კარგი ბავშვი უნდა იყოს დამჯერი. თვითონ ეს სტილი, აღზრდის ავტორიტარული სტილი არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რაც კვებავს შემდგომ ბავშვის მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებას და ხშირად მშობლები ამართლებენ ამ ძალადობას კარგი შვილის აღზრდის სურვილით. თუ ბავშვი არ შეესაბამება მშობლის წარმოდგენას კარგი ბავშვის შესახებ, მაშინ მათთვის ძალადობა დასაშვებია. ანუ, “ჩემთვის კარგი უნდოდა და იმიტომ მცემდა”, ან “თავი გამალახინა”. შესაბამისად, ეს უნდა შეიცვალოს. უფრო მეტი ცოდნა უნდა ჰქონდეთ მშობლებს, როგორია აღზრდის პოზიტიური მეთოდები, და კარგად ჰქონდეთ გააზრებული, რა ნეგატიური შედეგები მოჰყვება ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას, როგორ მოიქცნენ. მეტად უნდა ეურთიერთონ ბავშვს. დეტალებშს არ ჩავუღრმავდები, მთავარია ის, რომ ბავშვის მიმართ ძალადობა დაუშვებელია და თუ ოჯახში ამას იყენებენ, ეს ნიშნავს, რომ ბავშვზე ის ძალიან ცუდ გავლენას ახდენს და ხელს უწყობენ, რომ თავად ბავშვმაც გამოიყენოს ეს ქცევის მოდელები.

მასალების გადაბეჭდვის წესი