ახალი ამბები

კალაძე: 2018 წელს მეტროს ვაგონების განახლებას 14 მილიონი მოხმარდება

6 დეკემბერი, 2017 • 2007
კალაძე: 2018 წელს მეტროს ვაგონების განახლებას 14 მილიონი მოხმარდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხები მეტროს ვაგონების განახლებას და ჯანდაცვის პროგრამებს მოხმარდება.

დღეს, 6 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე მერმა განაცხადა, რომ განახლებული ბიუჯეტი საკრებულოს გაეგზავნება მიმდინარე კვირის ბოლოს.

“2018 წელს განსახორციელებელი პროექტები ბიუჯეტში 60 მილიონი ლარით გაიზარდა. მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას – პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი ამ 60 მილიონიდან 14 მილიონი ლარი სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საწესდებო კაპიტალში აისახება და ვაგონების მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციას მოხმარდება. მნიშვნელოვანია, რომ ვაგონების მოდერნიზაციის პროექტი განვახორციელოთ. ამით ხელს შევუწყობთ მოქალაქეების კომფორტულად მგზავრობას, მოცდის ინტერვალების შემცირებას, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დღეს მგზავრებისთვის. დანარჩენი 46 მილიონი ლარი ბიუჯეტში პირდაპირი წესით აისახება და ეს თანხა ორბელიანის მოედნისა და გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას მოხმარდება. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. წინასაარჩევნოდ ეს პროექტები გაჟღერებული გვქონდა და ვიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას მომდევნო წელს”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 55 მილიონით გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები და 337 მილიონ ლარს შეადგენს.

“მნიშვნელოვნად იზრდება გამწვანების ღონისძიებისკენ მიმართული თანხებიც. მწვანე ინფრასტრუქტურაზე მიმართული თანხები, რომელიც 2017 წელს 2 900 000 ლარს შეადგენდა. 2018 წელს იმ ბიუჯეტით, რომელსაც წარვადგენთ საკრებულოში, 9 მილიონ ლარამდე გაიზრდება. 2018 წელს კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი გვექნება, ესაა ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. განხორციელდება 32 პროგრამა, მათ შორის ის ორი პრიგრამა, რომელიც წინასაარჩევნოდ გავაჟღერეთ. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია”, – განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი