ახალი ამბები

უკრაინის პროკურატურა: სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდა

6 დეკემბერი, 2017 • 1505
უკრაინის პროკურატურა: სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაწყებული გამოძიება. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა უკრაინის გენერალური პრუკურატურის პრესსპიკერმა ლარისა სარგანმა.

პრესსპიკერის თქმით, სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდა და ის ეჭვმიტანილია უკრაინის სსკ 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის), მე-15 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მცდელობა) და 28-ე მუხლის მეორე ნაწილით (სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი).

სარგანის თქმით, ძებნის განხორციელება ნაციონალური პოლიციისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს დაევალა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 5 დეკემბერს დააკავეს კიევში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თუმცა მისმა მხარდამჭერებმა სპეცრაზმს არ მისცა იმ მანქანის ადგილიდან დაძვრის საშუალება, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. რამდენიმესაათიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ სააკაშვილი გაათავისუფლეს მანქანიდან. უკრაინის საგამოძიებო უწყებები მას დღეს ელოდებიან დასაკითხად, თუმცა სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. უკრანის საგამოძიებო უწყებების ცნობით, სააკაშვილს ბრალად ედება კრემლისტური და პრორუსული ძალების, კერძოდ, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების – ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან დაფინანსების მიღება აქციებისთვის, რომლის მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა უკრაინაში. სააკაშვილი ამ ბრალდებებს ფაბრიკაციას უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი