სულისა და სხეულის შესახებ – თბილისის კინოფესტივალი უნგრული ფილმით გაიხსნა

უნგრელმა რეჟისორმა ილდიკო ენიედიმ 18-წლიანი პაუზის შემდეგ გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი “სულისა და სხეულის შესახებ”, რომლითაც 4 დეკემბერს თბილისის კინოფესტივალი გაიხსნა. ფილმი უნგრეთმა 2018 წლის ოსკარის დაჯილდოვებისთვის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში გაგზავნა. შეარჩევს თუ არა აკადემია მას ნომინანტებს შორის, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სურათმა უკვე მოიპოვა “ოქროს დათვი” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

თბილისის მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალის “ქვეყანა ფოკუსში” სწორედ უნგრეთი წარმოადგენს.

ფილმის მთავარი გმირი მარია ხარისხის კონტროლიორია, რომელიც სასაკლაოზე ხორცის ხარისხს ამოწმებს. სამუშაო ადგილზე იგი ენდრეს გაიცნობს, რომელიც მისი უფროსია. ფსიქოლოგთან საუბრისას აღმოჩნდება, რომ მარია და ენდრე  ერთსა და იმავე სიზმარს ხედავენ. ამ სიზმარს ხედავს მაყურებელიც, რომელშიც მარია და ენდრე ირმები არიან და ტყეში ცხოვრობენ. მას შემდეგ, რაც ისინი ამ დამთხვევის შესახებ შეიტყობენ, ყოველ ღამით ერთად “იძინებენ” და ასე ხვდებიან ერთმანეთს.

“ჩვენს სიზმრებში ფსიქიკის ყველაზე დაფარულ შრეებს ვეხებით. ეს ის ადგილია, სადაც პირადი და უნივერსალური ერთმანეთს ხვდება. მახსოვს იმის გააზრება, რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, როგორიცაა შვილის გაჩენა, სიყვარული, საყვარელი ადამიანის ან საკუთარი სიკვდილი, ზუსტად ის გამოცდილებებია, რომლებსაც ჩვენ ამავდროულად დანარჩენ ადამიანებთან ვიზიარებთ. სწორედ ეს გვეხმარება, რომ ჩვენი ეგო უფრო თავმდაბალი იყოს”,- ამბობს რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ილდიკო ენიედი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. EPA/CARSTEN KOALL

მარია უცნაური ადამიანია, რომელსაც ფენომენალური მეხსიერება აქვს. მაგალითად, ზუსტად ახსოვს, რა იყო პირველი წინადადება, რომელიც შეხვედრისას უთხარით, ახსოვს მეჩვიდმეტე წინადადებაც და ალბათ მეოცეც.  არ აქვს ტელეფონი და მისი ყოველი კომუნიკაციის მცდელობა უხერხული, თან ძალიან სასაცილოა.

თავად რეჟისორი ამბობს, რომ ჰგავს მთავარ პერსონაჟს. ილდიკო ენიადე თვლის, რომ მორცხვი ადამიანია, რომელსაც მარიას მსგავსად უჭირს პატარა დიალოგები ჰქონდეს ადამიანებთან, როგორც ეს მიღებულია კომუნიკაციის დროს. ამბობს, რომ ფილმზე მუშაობისას გამოვიდა მისი კომფორტის ზონიდან, უარი თქვა მარტოობაზე და იმ ადამიანებთან დაიწყო ურთიერთობა, ვისთან ერთადაც ფილმს ქმნიდა. ასეა მარიაც, როგორც რეჟისორი ამბობს, მის მიერ შექმნილი გმირი ყველაზე საშიშ ექსპედიციას იწყებს მას შემდეგ, რაც პირველად მოიხიბლება კაცით და საკუთარი ემოციური ბუნების აღმოჩენას შეძლებს.

ილდიკო ენიედის, რეჟისორების უმეტესობისგან განსხვავებით, უყვარს საკუთარ ფილმზე და გადაწყვეტილებებზე საუბარი. როდესაც მას ჰკითხეს, რატომ გადაწყვიტა ამ ისტორიის ასახვა, ენიედიმ უპასუხა, რომ ადამიანების წახალისება სურდა:

“რომ მათ შეძლონ იმ რისკზე წასვლა, რომელიც  ერთმანეთთან გულწრფელობისთვის და ნდობისთვისაა საჭირო”.

ფილმს უმეტესწილად დადებითი შეფასებები აქვს ყველა იმ პლატფორმაზე, სადაც კინომოყვარულები თუ კინოკრიტიკოსები ფილმების შესახებ რეცენზიებს წერენ. “გარდიანის” შეფასებით, წყვილის ყველაზე რომანტიკული მომენტები, ასევე, ყველაზე ექსცენტრული და უცნაურია.

სიზმრების პასაჟის საპირწონედ, სადაც ირმები თოვლიან ტყეში მოგზურობენ, სასტიკი და ულმობელია სასაკლაოს სცენები, სადაც მთავარი გმირები მუშაობენ და ლამის დოკუმენური სიზუსტით გვაჩვენებენ, როგორ კლავენ ძროხას. როგორც “Variety” წერს, ერთი მხრივ, ადამინების ემპათიურობის, მეორე მხრივ კი, სისასტიკის თანაბრად ჩვენებამ აუდიტორია, რომელიც ბერლინის ფესტივალზე ფილმის სანახავად შეიკრიბა, ორად გაყო.

“დიახ, სასაკლაო კარგად ორგანიზებული და ეფექტური ადგილია, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაშია. იქ არსებობს კედელი, რომელიც არ დაგვანახებს იმ პირუტყვის თვალებს, რომელიც სიკვდილს ელოდება. ეს დიდად არ განსხვავდება იმ გამოცდილებისგან, რომელიც ბავშვის გაჩენისას ან მამაჩემის გარდაცვალებისას მქონდა. ჩვენი კარგად ორგანიზებული ცხოვრება სავსეა მდუმარე საშინელებით და ნაცვლად იმისა, რომ შევიგრძნოთ და ცხოვრების მნიშვნელოვან მივლენებთან ერთად ვიცხოვროთ, ჩვენ ვცდილობთ ეფექტურად და თავდაჯერებით გადავჭრათ ისინი” – ამბობს რეჟისორი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com