ახალი ამბებიეკონომიკა

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი: იუსტიციის საბჭოსთან მუდმივ კომუნიკაციაზე შევთანხმდით

5 დეკემბერი, 2017 • 2467
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი: იუსტიციის საბჭოსთან მუდმივ კომუნიკაციაზე შევთანხმდით

კომერციულ დავებსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დღეს ბიზნესასოციაციისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ კომერციული დავების განსახილველად სასამართლო სისტემაში უკვე განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესის დავებს სპეციალიზირებული ხუთი მოსამართლე იხილავს.

“მოსამართლეების ამ ჯგუფს განსახილველად დაახლოებით 250-მდე საქმე გადაეცათ. საწყის ეტაპზე ეს იყო ნახევარ მლნ ლარზე მეტი ღირებულების სარჩელები და დღეის მდგომარეობით ეს რიცხვი განახევრებულია.  ეს კარგი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეები საქმიანობას სექტემბრიდან შეუდგნენ,“ – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეხვედრას ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების იურისტები ესწრებოდნენ. ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბიზნესს მუდმივი კომუნიკაცია ექნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.

“ბიზნესში კომერციულ დავებთან დაკავშირებით პრობლემებია დაგროვილი. პრობლემა ასევე ეხება ისეთ საკითხებს, რომლის განხილვაც წლების განმავლობაშია გაჭიანურებული. დავების გაჭიანურება დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის. არსებობს კომპეტენციის თემაც, რასაც ჩვენ ვაფიქსირებთ. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით საბჭოსთან მუდმივ კომუნიკაციაზე. იმაზე, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ყველა იმ პრობლემას და საკითხს, რომელიც ქვეყანაში ბიზნესს გააჩნია, და მივაწვდით საბჭოს,”-აცხადებს გიორგი ჭირაქაძე.

მოსამართლეთა კომპეტენციაზე საუბრისას, საბჭოს მდივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბიზნესგარემოს სწრაფ განვითარებას მოსამართლეებიც უნდა პასუხობდნენ. ამ მიზნით საბჭო კომერციულ დავებზე სპეციალიზირებული მოსამართლეების გადამზადებას და მათთვის სასწავლო ტრენინგების ჩატარებას გეგმავს.

“იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად, ჩვენ ვგეგმავთ ტრენინგებს კომერციული დავების განმხილველი მოსამართლეებისთვის. ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვფიქრობთ, უცხოეთში სწავლების კურსიც გაიარონ შესაბამისმა მოსამართლეებმა,”-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ღიად განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რაც ბიზნესს აქვს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ მოსამართლეების რაოდენობის გაზრდა აუცილებელია.

“ჩვენ გვითხრეს, რომ კომერციულ საქმეებზე თითო მოსამართლეზე დაახლოებით 50 საქმე მოდის ამ ეტაპზე და ამიტომ, ჩვენ როგორც გავიგეთ, ეს ხუთი ადამიანი  თავს ართმევს საკუთარ მოვალეობებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს. იუსტიციის საბჭო ამისთვის მზად არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ადამიანების მზაობა დავინახეთ, რომ აღიარებენ იმ პრობლემებს, რაც სისტემაშია და მეორე – უნდათ ამ პრობლემების დროულად და ეფექტურად გადაწყვეტა,”- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ბიზნესასოციაციის წევრების შეხვედრა იუსტიციის საბჭოს წევრებთან ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მედიისთვის დახურული იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია 2017 წლის აგვისტოში შეიქმნა. ეს კოლეგია განიხილავს სანივთო-სამართლებრივ დავებს, სამეწარმეო სამარლებრივ დავებს, გაკოტრების საქმეებს და ვალდებულებით სამართლებრივ დავებს, რომელთა ღირებულაბაც, დავის საგნის მიხედვით, 500 000 ლარს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი