კრემლი სააკაშვილის საკითხზე – ეს უკრაინის თავის ტკივილია, მტერსაც რომ არ უსურვებ, ისეთი

“ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალს განვითარებულ მოვლენებს”, – ეს განაცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა კიევში მიხეილ სააკაშვილის დაკავების კომენტირებისას.

“რა თქმა უნდა, ეს უკრაინის თავის ტკივილია, ალბათ ისეთი, რომელსაც მტერსაც კი არ ვუსურვებ. თუმცა ჩვენ უკრაინელ ხალხს მტრებად არ მივიჩნევთ”, – განაცხადა პესკოვმა.

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. სპეცრაზმმა სააკაშვილი მისი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ჩამოიყვანა და ავტომობილში ჩასვა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მანქანის ბლოკირების პროცესი დაიწყეს, რის გამოც მანქანამ ტერიტორიის დატოვება ვერ მოახერხა.

ამჟამად, 13:30 საათზე, ავტომობილი, რომელიშიც სააკაშვილი იმყოფება, პოლიციის განყოფილებამდე მისვლას კვლავ ვერ ახერხებს. ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება.

გენერალური პროკურატურა და უკრაინის უშიშროების სამსახური დღეს დილიდან საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ შენობაში, სადაც ცხოვრობს ოდესის ყოფილი გუბერნატორი, პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი სახლის სახურავზე იმყოფებოდა და მხარდამჭერებს იქიდან მიმართავდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com