ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი და არა დასასრული – სანდრა რულოვსი სააკაშვილის დაკავებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინის დედაქალაქში დაკავებას მისი ცოლი, სანდრა ელისაბედ რულოვსი ეხმაურება. როგორც ყოფილი პირველი ლედი რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, თვეებია ელოდებოდნენ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. მისი შეფასებით, სააკაშვილი პოროშენკოსა და ივანიშვილის გარიგების შედეგად უკანონოდ დააკავეს, თუმცა ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი და არა დასასრული.

“განსაკუთრებით, ბოლო კვირებია ველოდებით მიშას დაკავებას, როცა მის ირგვლივ ყველას, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, დეპორტი გაუკეთეს, ცემეს და შეაშინეს. თვითონაც ელოდებოდა ამას, რა თქმა უნდა, მაგრამ პარტიასთან ერთად მაინც არ ჩერდებოდა და აქტიურობდა. მან კვლავ მოახერხა ხალხის გაღვიძება ბოლო კვირებში. მე მგონი, სახეზეა შედეგი. რაც დღეს მოხდა, რა თქმა უნდა, სრულიად უკანონოა. შევარდნენ მის ბინაში, კიევის ცენტრში, აიყვანეს და ჩატენეს მარშურტკაში.

ამ ღამეს მომწერა საორგანიზაციო საკითხზე – ფრთხილად იყავითო. ახლა ვუყურებ პირდაპირ ეთერში, რაც ხდება და ვნერვიულობ, როგორც თქვენ. ვიღებთ მისი მომხრეებისგან ინფორმაციას. ვუყურებ ეკრანზე, რომ მისი მომხრეები და უკრაინელი ხალხი მის გვერდშია.

არავინ იცის, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, როდესაც საქმეში მიშაა ჩართული; ასეთ დროს მოვლენები ისე ვითარდება ხოლმე, როგორსაც არავინ ელოდება, ეს ერთი… მაგრამ ვიცი, რას განიცდის ახლა ის იმ მარშრუტკაში – ძალიან განიცდის და იცის, რომ ეს არის მისთვის გადამწყვეტი მომენტი. ყველამ ვიცით, რომ ეს ოლიგარქების მოლაპარაკებული სავაჭრო საგანია, რაც არ გამოსდით,” – აცხადებს სანდრა რულოვსი.

როგორც სანდრა რულოვსი აცხადებს, თავად მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ საუბრობდა იმის შესახებ, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება: “ყველა ველოდებოდით ამ ამბავს, მაგრამ ასე უკანონოდ და ძალით… შევარდნით… ეს არის ადამიანის გატაცება, რის გამოც აღცშფოთდით ყველანი.”

სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არანაირი პროგნოზი აქვს, თუმცა აქებს იულია ტიმოშენკოს, რომელიც მისი თქმით, უკრაინის რადაში ყოჩაღად საუბრობს მიხეილ სააკაშვილის უკანონო დაკავების შესახებ:

“როგორც პოლონეთის საზღვარზე, ახლაც ძალიან ყოჩაღად არის და როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მას ძალიან ვაფასებ. იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება, რაც არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს გამარჯვების როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. ეს არ არის დასასრული, ეს ახალი ეტაპის დასაწყისია. ყველას ამის იმედი გვაქვს ოჯახში.”

უახლესი ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილზე

მოკლედ:

  • 5 დეკემბერს, დილით, მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს. სპეცრაზმმა სააკაშვილი მისი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ჩამოიყვანა და ავტომობილში ჩასვა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მანქანის ბლოკირების პროცესი დაიწყეს, რის გამოც მანქანამ ტერიტორიის დატოვება ვერ მოახერხა.
  • ავტომობილი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, პოლიციის განყოფილებამდე მისვლას კვლავ ვერ ახერხებს. ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება.
  • გენერალური პროკურატურა და უკრაინის უშიშროების სამსახური დღეს დილიდან საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ შენობაში, სადაც ცხოვრობს ოდესის ყოფილი გუბერნატორი, პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი სახლის სახურავზე იმყოფებოდა და მხარდამჭერებს იქიდან მიმართავდა.
  • უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ნეგატიურად შეაფასა დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის სახლში განვითარბეული მოვლენები. მისი თქმით, სააკაშვილთან არ უშვებდნენ ადვოკატებს, დეპუტატებს და საქართველოს ექსპრეზიდენტი აიძულეს, რომ სახურავზე ასულიყო.
  • კიევპოსტის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარების ბრალდებით დააკავეს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.