ახალი ამბები

როგორ შემოვიდნენ ტერორისტული ჯგუფის წევრები საქართველოში და მოიპოვეს იარაღი – გომელაური

5 დეკემბერი, 2017 • 2171
როგორ შემოვიდნენ ტერორისტული ჯგუფის წევრები საქართველოში და მოიპოვეს იარაღი – გომელაური

პარლამენტის ნდობის ჯგუფთან დახურული შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფრომა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის საქმეზე რამდენიმე ცნობა მიაწოდა.

კერძოდ, გომელაურისგან ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები საქართველოში, სავარაუდოდ, მწვანე საზღვრიდან გადმოვიდნენ, თუმცა, რომელი ქვეყნიდან, ამას სუს-ის უფროსი არ ახმაურებს.

“რომელი ქვეყნის საზღვარზე გადმოკვეთა, ვერ დავასახალებეთ ამას. ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენი ვერსიით არის ე.წ. მწვანე საზღვრიდან გადმოსული”, – განაცხადა გომელაურმა.

ამას გარდა, გომელაურის ცნობით, აღმოჩენილია იარაღის სამარხი ტყეში, საიდანაც იქნა ტერორისტული ჯგუფის წევრების მიერ იმ იარაღის შეძენა, რომელიც თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იმ სახლში მიიტანეს, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

“იარაღები საიდან აქვთ მოძიებული, ეს დავადგინეთ, საიდანაც შეიძინეს და მიიტანეს ამ სახლში. ტყეშია ნაპოვნი ერთ-ერთი სამარხი, სამალავიდან იყო ამოღებული, ახლა ექსპერტიზას ველოდებით, რომ დადგინდეს ზუსტად- ის მიწაა, ის შემადგენლობაა, რაც იქ აღმოვაჩინეთ. FBI გვეხმარება ძალიან, ასევე ამ იარაღის სამალავის აღმოჩენაში დიდი წვლილი შეიტანეს მათ”, – განაცხადა გომელაურმა.

კიდევ ერთი საკითხი, რის შესახებაც სუს-ის უფროსმა ისაუბრა, შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის მოტივს – აპირებდნენ თუ არა ისინი საქართველოში ტერაქტის მოწყობას? – ამ კითხვას გომელაური არ პასუხობს.

“რა გამოიკვეთება ბოლოს, საქართველოზე მუშაობდნენ თუ სხვა მიმართულებით მუშაობდნენ, ტერაქტის მოსაწყობად იყვნენ ჩამოსულები თუ რაზეც იყვნენ, ჯერ ვერ დავასახელებ ამას”, – განაცხადა სუს-ის უფროსმა.

თბილისში 21-22 ნოემბერს ჩატარებული 20-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 1 სპეცრაზმელი. სპეცოპერაციის დროს მოკლეს დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი, ხოლო კიდევ ერთმა წევრმა, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის წარმომადგენელმა ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. დაკავებულია ჯგუფის 1 წევრი. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი