ხათუნა გოგორიშვილი – ლარიზაციას არანაირი ლარის გამყარება არ მოჰყოლია

დღეს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უსმენდნენ. სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარიზაციასა და ე.წ გალარების პროგრამაზე დაუსვა კითხვა. პარლამენტის წევრის თქმით, მთავრობა გალარების პროგრამაზე 65 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავდა, თუმცა პროგრამაზე დაახლოებით 15 მლნ ლარი  დაიხარჯა.  ამის მიზეზად დეპუტატი პროგრამით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობას ასახელებს.

“33 ათასი ბენეფიციარის ნაცვლად მხოლოდ 5 615-მა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამით. თვლით თუ არა, რომ ეს იყო მაგალითი მთავრობის არასწორი პოლიტიკის? ეს თანხა წყალში გადაიყარა და ამას არანაირი ლარის გამყარება არ მოჰყოლია. პირიქით, ლარიზაციის პირველივე დღეს ლარი საშინლად დაეცა. განცხადებები, რომ ლარიზაციით ყველა ისარგებლებდა, არ გამართლდა,”-განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრმა კობა გვენეტაძეს დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზეც დაუსვა კითხვა. დეპუტატის განცხადებით, მიმდინარე წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დეპოზიტების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში აქვს.

“თქვენც არ გჯეროდათ მთავრობის ლარიზაციის პროგრამის? ლარზე დეპოზიტის განაკვეთი მინიმუმ ორჯერ მეტია დოლარზე, ანუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც კი არ იზიარებს იმ პოლიტიკას  და მოწოდებას, რომ მოქალაქეებმა დეპოზიტები ლარში განათავსონ,”- განაცხადა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ხათუნა გოგორიშვილმა.

კობა გვენეტაძის თქმით, გალარების პროგრამა სოციალური პროგრამა იყო და როგორც სოციალური პროგრამების შემთხვევაში ხდება ხოლმე, შესაძლოა გარკვეული ადამიანებისთვის ეს პროგრამა საკამათო იყოს. რაც შეეხება ლარიზაციის პროგრამას, კობა გვენეტაძის თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ლარიზაციის პროგრამა გრძელვადიანია და ზოგიერთ ქვეყანაში მის სრულად ამოქმედებას 15-20 წელი დასჭირდა.

“ლარიზაცია არის ლარის გაცვლით კურსზე დამოკიდებულების შემცირება. რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში უნდა გაიზარდოს წვდომა ლარის რესურსებზე. როდესაც სხვა ქვეყნების გამოცდილება შევისწავლეთ, ვნახეთ, რომ   სხვადასხვა შემთხვევაში ეს 15-20-წლიანი პროგრამაა. უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულება ძალიან მალე არ შემცირდება,”-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ე.წ ლარიზაციის პროგრამა პარლამენტმა გასულ წელს დაამტკიცა. პროგრამის მიხედვით, ქონების რეალიზაციისა და რეკლამირებისას ფასი მხოლოდ ლარში უნდა გამოისახოს, ხოლო ონლაინ-სესხები რეგულირების ქვეშ მოექცევა. ონლაინ-სესხებისთვის დაწესებული რეგულაციით, სესხის ზედა ზღვარი განისაზღვრა. ლარიზაციით შეზღუდვები დაწესდა უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე. ე.წ ლარიზაციით უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა დასაშვები გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაცემი თანხის ოდენობა 100 000 ლარს აღემატება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარიზაციის მაღალი დონე საზოგადოებას გაცვლითი კურსის მერყეობას თავიდან აარიდებს.

რაც შეეხება გალარების პროგრამას, ეს პროგრამა შეეხებოდა იმ პირებს, ვისაც 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში ჰქონდათ აღებული იპოთეკური სესხი და მისი მოცულობა გალარების პერიოდისთვის არ აღემატებოდა 100 ათას აშშ დოლარს. მთავრობამ ამ პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 65 მლნ ლარი გამოყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.