ზოიძე: ნარკოპოლიტიკის რეფორმით გადავარჩენთ ათასობით სიცოცხლეს და მივიღებთ მილიარდი ლარის სარგებელს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მისი კოლეგები მხარს დაუჭერენ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს ნარკოპოლიტიკის შესახებ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გადაარჩენენ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს და მილიარდი ლარის სარგებელს მოუტანენ ქვეყანას. ამის შესახებ მან “ნარკოპოლიტიკის რეფრმის რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტის” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზე მუშაობაც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“წარმოვადგენთ შედეგებს, რა ეკონმიკური, ფისკალური, რა ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები შეიძლება მოხდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმისა და კანონპროექტის მიღების შედეგად – იმ კონცეფციის განხორციელებით, რასაც ჰქვია დასჯის ნაცვლად ზრუნვა და ჰუმანური დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ. ასევე, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ გრძელვადიან პერსპექტივაში,” – ამბობს აკაკი ზოიძე.

მისი თქმით, შედეგად, თუ მოწოდებული კონცეფცია სრულად განხორციელდება, შემდეგი 10 წლის განმავლობაში დაახლოებით მილიარდ ლარამდე კონკრეტულ სარგებელს ნახავს ქვეყანა და მისი მოქალაქეები:

“აქ იგულისხმება არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე იგულისხმება მომხმარებლების და იმ მოქალაქეების ოჯახები, რომლებიც შეიძლება მსხვერპლნი გახდნენ.”

როგორც აკაკი ზოიძე აცხადებს, არსებული ნარკოპოლიტიკა ხელს უშლის ისეთი დაავადებების აღმოფხვრას ამ ქვეყანაში, როგორიც აირის “C” ჰეპატიტი და შიდსი.

“ახლახან იყო აივ-შიდსის დაავადებულთა დღე, რომელთა რაოდენობაც საქართველოში არის დაახლოებით 12 ათასი. C ჰეპატიტით დაახლოებით 140 ათასი ადამიანია დაავადებული, საიდანაც 40 ათასს წარმატებით ვუმკურნალეთ, მაგრამ გვრჩება კიდევ 90 ათასზე მეტი ადამიანი, ვინც არ იცის დაავადების შესახებ და ეშინია ჯანდაცვის სისტემის უფასო სკრინინგის; მათ ნაწილს ეშინია იმიტომ, რომ ნარკოდამოკიდებული არიან – ცნობილია, რომ საინექციო ნარკოტიკების მომხმარებელი არის ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფში ისეთ ინფექციურ დაავადებებზე, როგორიც არის აივ-შიდსი და C ჰეპატიტი. ისინი არ გამოდიან დღის სინათლეზე და არ ერთვებიან საზოგადოებრივ ჯანდაცვის სისტემაში იმ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო, რომელიც დღეს მოქმედებს ამ ადამიანების წინააღმდეგ,” – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

აკაკი ზოიძის თქმით, მათი მიზანი სწორედ ის არის, რომ გადაარჩინონ ათასობით სიცოცხლე:

“არა მხოლოდ მილიარდი ლარია კონკრეტული სარგებელი, არამედ ათიათასობით ადამიანი, რომელიც გადარჩება ამ რეფორმის შედეგად.”

დღეს, 4 დეკემბერს, სასტრო “ბეტსიში” სწორედ ნარკოპოლიტიკის რეფორმისა და პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს განიხილავენ. შეხვედრას ესწრებიან სპეციალისტები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგამიზაციების წარმომადგენლები, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.