ახალი ამბებიეკონომიკა

რომან გოცირიძე კობა გვენეტაძეს: რა საჭიროა კომერციული ბანკების ფინანსური მხარდაჭერა?

4 დეკემბერი, 2017 • 3228
რომან გოცირიძე კობა გვენეტაძეს: რა საჭიროა კომერციული ბანკების ფინანსური მხარდაჭერა?

დღეს პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მოუსმინეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ კობა გვენეტაძეს 2013-2014 წლებში სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციების მიზნობრიობაზე დაუსვა კითხვა. ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე დაინტერესდა, რატომ უწევს სუბსიდირებას ეროვნული ბანკი ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს, რომლებსაც ისედაც დიდი მოგება აქვთ.

“ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მთავრობა ყოველთვის იყო მაკროეკონომიკური დესტაბილიზაციის წყარო. მაშინაც კი, როცა ლარი არ გაუფასურებულა. 2013 წელს მთავრობამ ნაშთებიდან 600 მლნ ლარი დახარჯა იმის გამო, რომ დღგ გაირღვა 632 მლნ ლარით,  მაშინ დაიწყო ხვნა-თესვის და რაღაც უაზრო პროგრამები. სებ-მა ორი თვის განმავლობაში, 2013 წლის დეკემბერში და 2014 წლის იანვარში, დაახლოებით 490 მლნ დოლარის ინტერვენციები განახორციელა. ვინაიდან ერთი ნაწილი, 200 მლნ მიეწერა 2013 წელს, მეორე კი-2014 წელს. ეს სტატისტიკურად, როგორც ძალიან მყვირალა ციფრი, არ გამოჩნდა, თორემ უზარმაზარი ინტერვენცია განახორციელა. მაშინ იყო პირველი სიგნალი, როცა სებ-მა მთავრობას ყვითელი სიგნალი არ აუნთო. მიჩუმათდა რეალური პრობლემა, რომელიც ეკონომიკაში არსებობდა(ბიუჯეტის დეფიციტი არა არასათანადო ხარჯები). ახლა რა მოხდა?! 635 მლნ ლარი დეპოზიტებზე დაუდო კომერციულ ბანკებს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განგაში ავტეხეთ და გვეგონა, ოდნავ მაინც თავს შეიკავებდა მთავრობა, ლარის გაუფასურების ფონზე, სამი დღის წინ 20 მლნ ლარი კიდევ დაუმატა სესხი კომერციულ ბანკებს. ამას სამთვიანი დეპოზიტი ჰქვია. სამი თვე უკვე გავიდა და კომერციულ ბანკებს არცერთი თეთრი არ დაუბრუნებიათ. თქვენ ამბობთ. რომ ბანკებს იმდენ ფულს მივცემთ, რამდენასაც მოითხოვენ, ეკონომიკური ზრდა 3-5%-ია და კომერციული ბანკების ბალანსს შეხედეთ. მათი ნებისმიერი მაჩვენებელი იმდენია, თითქოს საქართველოში 20% ყოფილიყო ეკონომიკური ზრდა. მათი მოგება იზრდება. მაშინ რა საჭიროა თქვენი დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა?” – განაცხადა სხდომაზე გამოსვლისას რომან გოცირიძემ.

კობა გვენეტაძის განცხადებით, კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხები მათ ეხმარებათ, მაღალი ლიკვიდობის სესხები გასცენ. ბიუჯეტის დეფიციტზე საუბრისას, სებ-ის პრეზიდენტის თქმით, 2018 წელს მთავრობა გეგმავს, 3%-იანი დეფიციტი ჰქონდეს, რაც ვალუტის კურსს და ინფლაციას პრობლემას არ შექმნის.

“რაც შეეხება კომერციულ ბანკებში დეპოზიტების დადებას, თქვენ სტატისტიკას თუ შეხედავთ, ნახავთ, რომ როგორც კი ეს განთავსდა, შემცირდა რეფინანსირების სესხები. ანუ ეს დანაკლისი კომერციულმა ბანკებმა ამ წყაროდან შეივსეს. ბანკებს ნამდვილად არ სჭირთ არაფერი, საკმაოდ კარგად არიან. მოგეხსენებათ, ეს არის ლიკვიდობის მართვის მექანიზმი, რომელიც მათ ხარჯებს უმცირებს და მათ საშუალებას აძლევთ, უფრო შეღავათიანი სესხები მისცენ და ამავე დროს უფრო გრძელვადიანი გახადონ ის სესხები, რომლებსაც გასცემენ. მოკლევადიანი სესხებით გვეძლევა საშუალება, გაცემული სესხები გრძელვადიანი გახდეს. რაც შეეხება ბიუჯეტს, მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ზოგადად არის მაკროეკონომიკური მაჩვენებლებზე მოქმედი საშუალოვადიანი ფაქტორი და ამიტომ ჩვენ ზუსტად ამ მხრიდან ვუყურებთ. 2017 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 3.3% პროცენტი იქნება მშპ-თან მიმართებით. 2018 წლის დეფიციტი 3% იქნება. ეს არის შემცირება და ამავე დროს დაგეგმილია, რომ დეფიციტი კიდევ უნდა შემცირდეს. ასე რომ, თუ შევხედავთ საშუალოვადიან პერიოდში, ბიუჯეტის დეფიციტი ნამდვილად არ უნდა იყოს პრობლემა, ისევე როგორც ინფლაციისთვისა და ვალუტის კურსისთვის. ბიუჯეტის არასათანადო ხარჯვა შესაძლოა იყოს ფაქტორი, რომელიც კურსის მოკლევადიან მერყეობაზე გავლენას მოახდენს. 2013 წელს ამას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ჩვენ რასაც ვუყურებთ ხარჯვების დინამიკას, ჩვენ წელს ასეთ რამეს  ვერ ვხედავთ. ხარჯვა მიჰყვება იმ ზრდად დინამიკას, რაც სხვა წლებში, არა 2013 წელს, გვქონდა,  ”-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის 2017 წლის ოქტომბრის ანგარიშით, წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით ბანკებში  დეპოზიტების მოცულობა 21.7%-ით  არის გაზრდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი