ომბუდსმენი: ბავშვი კვლავ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრია

“სამწუხაროდ, არასრულწლოვანი, მისი საუკეთესო ინტერესები და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების მიღმაა დარჩენილი, შესაბამისად, ბავშვი კვლავ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრია”, – ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 1 დეკემბერს თბილისში მომხდარ ძალადობრივ ფაქტს, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი მოკლეს.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, ხოლო მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისაკენ მიმართული ღონისძიებები არასაკმარისია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.

“სისტემური მიდგომის გზით უნდა შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულება.

ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რადგან მათ უმთავრეს მოვალეობას ბავშვის პიროვნული განვითარება და განათლება წარმოადგენს არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, არამედ ზოგადად, ბავშვის მიმართ ოჯახში თუ სხვა ფორმის ძალადობის გამოვლენის, მხარდაჭერის და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის თქმით, მისი აპარატის მიერ 2016-2017 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე განხორციელებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ ბულინგი არასრულწლოვანთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს ძალადობის ამ ფორმის პრევენციის ერთიანი ხედვა. ამასთან, დაბალია ბავშვთან მომუშავე პროფესიონალთა ცნობიერება ბავშვის მიმართ ძალადობის ფორმებისა და არსებული დაცვის მექანიზმების შესახებ.

“მნიშვნელოვანია  ოჯახისა და საზოგადოების როლი ბავშვისადმი ძალადობრივი დამოკიდებულების დაძლევისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით. აუცილებელია ბავშვთან საუბარი, მისი პრობლემების, მიღწევებისა თუ ყოველდღიური საქმიანობის გაცნობა, გაზიარება და თანამონაწილეობა.  სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის ამგვარი ფორმების დამკვიდრება, საზოგადოება კი ხშირად თვალს ხუჭავს ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია მომხდარი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიება და თვითმხილველთა და მოწმეთა თანამშრომლობა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი მიდგომები ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის აღნიშნულ პროცესს“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

მისი თქმით, აუცილებელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწორი მიმართულება მიეცეს მომხდარი შემთხვევის განხილვას; გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევათა პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების მიმართულებით.

“მედიასაშუალებებს განუზომელი როლი აკისრიათ ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლის საქმეში. სწორედ ამიტომ, ასეთი შემთხვევები ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მიდგომებისა და არსებული მდგომარეობის მიღმა, ზოგადი კონტექსტის მიმოხილვით უნდა გაშუქდეს, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი დისკურსის შექმნას“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი