საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა N2 სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას გულისხმობს.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს. სქრინი: შსს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.