ახალი ამბები

მიმინოშვილი: არაქართულენოვანმა აბიტურიენტებმა მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აჩვენეს

17 ივლისი, 2013 • 1207
მიმინოშვილი: არაქართულენოვანმა აბიტურიენტებმა მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აჩვენეს

საგამოცდო პროცესი დღეს დასრულდა. გამოცდების ეროვნულ ცენტრში პროცესი შეაფასეს და ზოგადი უნარების ტესტების შედეგების სტატისტიკა წარმოადგინეს.

 

მაია მიმინოშვილის თქმით, არაქართულენოვანმა აბიტურიენტებმა გამოცდებში ქართულენოვან აბიტურიენტებთან შედარებით ცუდი შედეგი აჩვენეს და მომავალში აუცილებელია ამ საკითხზე ყურადღება გამახვილდეს:

 

“მინდა ხაზი გავუსვა და ამას ნამდვილად უნდა მიექცეს ყურადღება, რომ, სამწუხაროდ, არაქართულენოვანი აბიტურიენტების შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქართულენოვანთა შედეგებს. განსაკუთრებით ჩვენი აზერბაიჯანელი აბიტურიენტების შედეგები, რომლებიც საკუთარ ენაზე აბარებდნენ ზოგად უანრებს. მათ გამოცდებზე პირველი ვარიანტი წერეს, სადაც სხვა ვარიანტებთან შედარებით ცუდი შედეგი დაფიქსირდა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ არაქართულენოვანებში მოსწავლეთა სწავლების პროცესს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხის შესწავლა სამინისტროში უკვე მიმდინარეობს:

 

“მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა სამინისტროში, ამ კუთხით ჩვენ ვმუშაობთ გამოცდების ეროვნულ ცენტრთანაც და იგეგმება როგორც ქართული ენის უფრო გაძლიერებული ფორმებით შეთავაზება და სწავლება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის, ასევე ვმუშაობთ გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს და არის თუ არა რაიმე საჭიროება თვითონ ტესტების უფრო დახვეწის თვალსაზრისით”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

რაც შეეხება საგამოცდო პროცესს, მიმინოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი დარღვევებიი არ დაფიქსირებულა, გასწორების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და პირველადი შედეგების გამოქვეყნება ხვალიდან დაიწყება:

 

“ზოგადი უნარების ტესტები სწორდება სკანერის მეშვეობით, ამიტომ პირველადი შედეგი ზოგადი უნარების ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს. ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ წლევანდელი შედეგები წინა წლებთან შედარებით რამენაირად უკეთესია. ტესტი 80 -ქულიანი იყო და ვერც ერთმა აბიტურიენტმა მაქსიმალური ქულა ვერ მოიპოვა, 79 ქულა მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო რამდენიმე აბიტურიენტმა დაიმსახურა 78 ქულა”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

 

შედეგების მიხედვით საშუალოდ ზღვარი ვერ გადალახა 8%–მა, ეს აბიტურიენტები კონკურსს გამოეთიშნენ, ხოლო დარჩენილი 92% კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს.

პროცედურული დარღვევების გამო გამოცდებიდან 2 აბიტურიენტი და 3 პედაგოგი მოიხსნა. გამოცდებზე არ გამოცხადდა აბიტურიენტთა 2%, პედაგოგთა 13%, მაგისტრანტობის კანდიდატთა 11% და გრანტის გაუმჯობესების მსურველთა 8%.

 

2013 წლის გამოცდებისთვის 42 000–მდე აბიტურიენტი, 8 000–ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი, 9 500–ზე მეტი მაგისტრანტი და 25 000–ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა.

 

აბიტურიენტთა უმრავლესობამ (30 000) უცხო ენად ინგლისური აირჩია, არჩევითი საგნებიდან კი ყველაზე მეტმა, 14 500–მდე აბიტურიენტმა ისტორია აირჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი