ახალი ამბები

ხორავას ქუჩაზე “გარჩევის” ერთ-ერთი მონაწილის მშობელი პროკურატურის მუშაკია

3 დეკემბერი, 2017 • 5061
ხორავას ქუჩაზე “გარჩევის” ერთ-ერთი მონაწილის მშობელი პროკურატურის მუშაკია

პროკურატურა ადასტურებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი “გარჩევის” ერთ-ერთი მონაწილის მშობელი მართლაც საგამოძიებო უწყების მუშაკია, თუმცა არა ბრალდებულების. პროკურატურა ირწმუნება, რომ ეს ფაქტი ვერანაირ გავლენას მოახდენს მიმდინარე გამოძიებაზე.

“მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელის საშუალებით ზოგიერთი პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა შესაძლო მკვლელობის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია და ამით ხელი ეშლება გამოძიებას.

უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების, გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არცერთი ოჯახის წევრი ანდა ახლო ნათესავი არ არის პროკურატურის მუშაკი. აღნიშნული სიცრუის გავრცელებით გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და განზრახ ცდილობს პროკურატურის და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი, თუმცა იგი 2014 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს.

ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესაური კავშირი პროკურატურის მუშაკთან ვერც ერთ საქმეზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე გამოძიებაზე და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პროკურატურის შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ნებისმიერი პროკურორი, რომლის მიმართაც შესაძლებელია არსებობდეს თუნდაც კითხვები გარკვეული პირადი მოტივების გათვალისწინებით შესაძლო მიკერძოებულობაზე, დაუყონებლივ იქნება აცილებული სისხლის სამართლის საქმიდან,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც პროკურატურა აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანია, ასევე, ხსენებულ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საგამოძიებო უწყება კანონით შეზღუდულია მოახდინოს ხსენებულ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება.

პროკურატურა ირწმუნება, რომ აღნიშნულ საქმეზე მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია.

დღეს, 3 დეკემბერს, თბილისის პროკურატურამ 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ და გ.ჯ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლო გ.ჯ იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი