ყოფლი ცოლის მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმისა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღება ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეთა გათვალისწინებით მოხდა.

“საქმის მასალების მიხედვით, 2017 წლის 30 ნოემბერს, ბრალდებული ყოფილ მეუღლეს საცხოვრებელ ბინასთან დახვდა და იარაღის მუქარით სთხოვდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული სრული თანხის, 80 000 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდას,  წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებული ყოფილ მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე იარაღით ემუქრებოდა დასახმარებლად გამოსულ მეზობელსაც. ბრალდებული არ დაემორჩილა შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას  და  განახორციელა გასროლა ყოფილი მეუღლის მისამართით, რის შემდგომაც ასევე რამოდენიმე გასროლა განახორციელა პოლიციელთა მიმართულებით,”-წერია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 24 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.