ახალი ამბები

მესტიაში აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

2 დეკემბერი, 2017 • 4204
მესტიაში აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

მესტიაში, სვანეთის ახალგაზრდული კავშირის მიერ ორგანიზებულ აქციაზე “ჭალაზეჰესის” მშენებლობა გააპროტესტეს. “ნეტგაზეთს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით გულბანმა განუცხადა, რომ დღეს მუშებს სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ისინი “ჭალაჰესის” მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.  

“თავიდან საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ჰესი პატარა უნდა ყოფილიყო, თუმცა შედეგად მივიღეთ ის, რომ აქ მეტრი და ოთხმოცი დიამეტრის სიგრძის მილები ჩაყარეს, რომელსაც მდინარის წყალი სრულად დასჭირდება, რადგან სხვა შემთხვევაში ამ მილებს ვერ შეავსებს. თანამედროვე სტანდარტებით, მდინარის მინიმუმ 40% თავისუფალი უნდა დარჩეს, რომ კალაპოტმა თავისი ფორმა არ დაკარგოს. ორი თვის წინ ეს მდინარე მოვარდა და ჰესის ზემოთ ყველაფერი დაანგრია. მათ შორის, ეს მილებიც. მდინარემ დანგრეული ნაშალი წამოიღო და, მადლობა ღმერთს, მოსახლეობა არ დაზარალებულა, მაგრამ როცა დამთავრდება ამ ჰესის მშენებლობა და მდინარეს მილში დააბამენ, მაშინ მდინარე თავისი კალაპოტის  გასუფთავებას ვერ შეძლებს, შემდეგ რა მოხდება? რამე ტრაგედია რომ დატრიალდეს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? აქედან გამომდინარე, მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური უფლება, თავისი სიცოცხლე დაიცვას. ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ისინი ამ ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ,”-აცხადებს დავით გულბანი.

ადგილობრივი მცხოვრები სახელმწიფოს მიმართავს, სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები. დავით გულბანის თქმით, თუ სახელმწიფოს პრიორიტეტი ტურიზმია, ჭალაჰესის მშენებლობით ის ხეობა გნადგურდება, რომელიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. 

აქციის მონაწილეები ამ დრომდე მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე  რჩებიან. “ჭალაჰესის” მშენებელი კომპანიის დასადგენად “ნეტგაზეთი” ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროსგან  დღეს ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი