პირველად არსებობის ისტორიაში – საჩხერის “ჩიხურამ” საქართველოს თასი მოიგო

დღეს, 2 დეკემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში საჩხერის “ჩიხურამ” პენალტების სერიაში ქუთაისის “ტორპედო” დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ეს ტიტული.

შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო პენალტები სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა უკეთ შეასრულა.

ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად “ჩიხურის” მეკარე, დინო ჰამზიჩი დასახელდა; ბოსნია და ჰერცეგოვინის წარმომადგენელმა ორი თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო. საქართველოს თასის საუკეთესო ბომბარდირი ვეტერანი ფეხბურთელი, დიმიტრი ტატანაშვილი გახდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გამარჯვებულის თასი საჩხერის “ჩიხურის” კაპიტანს, შოთა კაშიას გადასცა; 23 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, გურამ კაშიას უფროსი ძმას ლავიწის ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის.

საჩხერის “ჩიხურა” საქართველოს თასის ფინალში მესამედ გავიდა, თუმცა დღემდე გადამწყვეტ შეხვედრაში წარმატებას ვერ აღწევდა. გუნდი უმაღლეს ლიგაში წლებია სტაბილურად გამოდის, მაგრამ, როგორც სხვა ქართული კლუბები, ევროტურნირების შესარჩევზე წარმატებას ვერ აღწევს.

  • 26 ნოემბერს, ქუთაისის “ტორპედომ” დრამატულ შეხვედრაში, სტუმრად, თბილისის “დინამო” დაამარცხა და 15-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი გახდა. ქუთაისელებს საქართველოს თასის მოგება ზეზიზედ წელს მეორედ შეეძლოთ, თუმცა გადამწყვეტი მატჩი “ჩიხურასთან” დათმეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.