ახალი ამბები

პრემიერი ორი არასრულწლოვნის გარდაცვალებაზე: ეს არის თემა, რომელსაც მხარე არ ჰყავს

2 დეკემბერი, 2017 • 2361
პრემიერი ორი არასრულწლოვნის გარდაცვალებაზე: ეს არის თემა, რომელსაც მხარე არ ჰყავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვლების ფაქტს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. პრემიერ წერს, რომ საზოგადოება მშვიდი და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად უნდა გაერთიანდეს.

“ეს არის საერთო ტრაგედია, რომელმაც ყველა შეგვძრა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ასე სასტიკად და დაუნდობლად წირავენ ერთმანეთს. ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება, უნდა გავერთაინდეთ, რათა მშვიდი და ჯანსაღი გარემო იყოს საყოველთაო და გარანტირებული ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ამ მიმართულებით წამყვანი როლი ეკისრება განათლების სისტემის გარშემო ჩვენს კონსოლიდაციას, რომ მოხდეს პრობლემების სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი გზების დასახვა. ეს არის თემა, რომელსაც მხარე არ ჰყავს! ამ უმძიმეს წუთებში მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს,”-წერს პრემიერ-მინისტრი.

გუშინ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს, დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამსახურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. დღეს კი მეორე არასრულწლოვანიც გარდაიცვალა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  სსკ-ს 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი