შსს-ს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა  არასრულწლოვანს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული  ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. რაც შეეხება ამავე შემთხვევის დროს დაჭრილ მეორე არასრულწლოვანს,  შსს-ს ცნობით, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე  სსკ-ს 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.