ახალი ამბებისამართალი

პარლამენტმა ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია

1 დეკემბერი, 2017 • 3907
პარლამენტმა ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია

დღეს, 1 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ევა გოცირიძე აირჩია. გოცირიძეს მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი – 0.

როგორც ევა გოცირიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, აბსოლუტურად არასწორი მოლოდინია, რომ ის რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს გაატარებს საკონსტიტუციო სასამართლოში:

მე ვიქნები დამოუკიდებელი – ეს ჩემთვის ღირსებისა და პროფესიული თავმოყვარეობის საკითხია.”

როგორ განვითარდა მოვლენები:

  • ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ 27 ნოემბერს წარადგინა.
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 28 ნოემბერს მისი კანდიდატურის შესახებ მხოლოდ 45 წუთი იმსჯელა.
  • საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის არჩევას და მმართველი პარტიის მიერ წარმართულ პროცესს აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.
  • ევა გოცირიძემ ლალი ფაფიაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პარლამენტმა 2007 წლის 28 დეკემბერს აირჩია.

ევა გოცირიძის შესახებ:

  • 2013-2017 წლებში ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ორ სხვა კანდიდატთან ერთად წარადგინა სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე, თუმცა ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა მისი კანდიდატურა ჩააგდო. ევა გოცირიძემ მაშინ განაცხადა, რომ მისი წინაღმდეგ ძალთა კონსოლიდაცია მოხდა.
  • 2016 წლის აპრილში ევა გოცირიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები არასახელმწიფოებრივ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
  • 2017 წლის აპრილში ევა გოცირიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მოსამართლეთა შეურაცხყოფაზე რეგულაციები დაწესებულიყო: “მოსამართლის ხელაღებით ლანძღვა და ისეთი ეპითეტების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, რომელსაც ახლა აქვს ადგილი ზოგიერთი პოპულისტი პოლიტიკოსის და ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან, რომელსაც მე დავარქმევდი მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებით ბოროტად გამოყენებას.”
  • 2017 წლის 1 დეკემბერს ევა გოცირიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 30 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი