ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბრძოლა კილმარნოკისთვის, ან როგორი აფხაზეთი სურს საქართველოს?

1 დეკემბერი, 2017 • 7617
ბრძოლა კილმარნოკისთვის, ან როგორი აფხაზეთი სურს საქართველოს?

ამ დღეებში ერთი ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი გავიცანი, რომელიც ჩვენს საკმაოდ რთულ კონფლიქტებს იკვლევს. კითხვები დამაყარა და თემის საოცარი ცოდნა და სამეცნიერო ნეიტრალობა გამოავლინა. თუმცა ჩვენი საუბრის დროს მაინც დამისვა კითხვა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რამაც საერთოდ არ გამაკვირვა. ასეთი კითხვები ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობის დროს არაერთხელ მომისმენია: “არსებობს თუ არა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის არსებობის ისეთი ვარიანტები, რაზეც აფხაზური მხარე თანახმა იქნებოდა”?

ყოველ ჯერზე თავი ის ჯადოქარი მგონია, რომელმაც ქუდიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ რაიმე პასუხი უნდა ამოიღოს. უმეტესად ვპასუხობ, რომ ტერიტორიული მთლიანობის ან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჟურნალისტური საქმე არ არის, რომ სამშვიდობო საქმიანობაც ცალკე პროფესიაა. ზოგიერთ თანამოსაუბრეს შემხვედრ კითხვას ვუბრუნებ: და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ საქართველოს საერთოდ სჭირდება აფხაზეთი? სხვათა შორის, ძალიან განსხვავებულ პასუხებს ვიღებ.

თუმცა მეინსტრიმი საქართველოში აშკარად ერთ აზრზეა. გვახსოვს, 2011 წელს პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ როგორ გაამხნევა ქართული საზოგადოება აფხაზეთის შესაძლო აღიარების იდეით, გარკვეული დათმობების სანაცვლოდ – ტერიტორიების გაყოფა, ქონების კომპენსაცია და ა.შ.  საპასუხო რეაქციამ  მაშინ აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება აფხაზეთზე უარს საერთოდ არ განიხილავს. მოქმედი პოლიტიკოსებისთვის ეს, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის ტოლფასია. საზოგადოება კი ერთ აზრს სჯერდება, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, თუნდაც დე იურე.

საინტერესოა, რომ მაშინ არეშიძის წინადადება გარკვეულწილად ქართულ-აფხაზური ომის დამცველის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის კომენტარში ჩაიკარგა. “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ის ეთანხმებოდა არეშიძეს, და თქვა: “აფხაზეთი საქართველოს ჩვეულებრივი რეგიონი ვერასდროს გახდება და სულ დაკარგვას ჩვენ შეგვიძლია, თანაცხოვრებას მაინც მივაღწიოთ, ავაწყოთ ისეთი ურთიერთობა, როგორც მოძმე ხალხებს შეეფერებათ”.

ჩემთვის ეს საკმაოდ მოულოდნელი სიტყვები ჩემს მეხსიერებაში მაშინ აღდგა, როდესაც ქართულ-აფხაზურ მორიგ პოლემიკას ვაკვირდებოდი. ამჯერად – შოტლანდიაში ქართულ-აფხაზურ ომში დაღუპულთა ძეგლის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედებები აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრალოდ არ აქვს იმის ხედვა, საქართველოს როგორი რეგიონი უნდა იყოს აფხაზეთი. ძმობაზე საუბრით დაწყებული და ბავშვთა ანსამბლებისა და შოტლანდიის რომელიღაც ქალაქში ყველასთვის უცნობი ძეგლების მიმართ მეწვრილმანე ბრძოლა და უსისტემო გამოსვლებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს.

დიახ, აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების გათვალისწინებით, ეს საკითხი საკმაოდ აბსტრაქტულია და რეალობას მოწყვეტილი. თუმცა ამაზე პასუხი [სისტემური ხედვის] საქართველოს საშუალებას მისცემდა, თავიდან აერიდებინა ზოგიერთი თვალსაჩინო გარეპოლიტიკური ჩავარდნები, მაგალითად, როგორიც შოტლანდიური ისტორია იყო.

საზოგადოებრივ განწყობებზე თუ ვისაუბრებთ, აქ პასუხების პალიტრა საკმაოდ ფართოა. სოციალურ ქსელებში ქართულ-აფხაზური წესების გარეშე ბრძოლის თვალყურის დევნება ყოველდღე მიწევს, სადაც ქართველი ვირტუალური გმირები “აფსუებს” მასობრივ წმენდას ჰპირდებიან. ასეთი განცხადებები, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ არწმუნებს აფხაზებს იმაში, რომ საქართველოს მხოლოდ ტერიტორია სჭირდება აფხაზი მოსახლეობის გარეშე.

თუმცა, ერთია, როდესაც ასეთ განწყობას გამოხატავენ ვირტუალური ადამიანები და სრულიად სხვა – როდესაც ამგვარად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იქცევა.

კილმარნოკში ძეგლის დემონტაჟთან დაკავშირებით თამარ ბერუჩაშვილის ძალისხმევაზე აფხაზების რეაქცია ნამდვილად მტკივნეული იყო. ეს არ არის ვანუატუს აღიარების საკითხზე ან მსოფლიოს რომელიღაც წერტილში აფხაზეთის წარმომადგენლობის გახსნაზე რიგითი თოკის გადაქაჩვა. საქმე არც იმ ძეგლშია, რომელიც ცოტას თუ უნახავს. ეს შეეხება ომს, რომლის დროსაც აფხაზური ენის, ისტორიისა და ლიტერატურის ინსტიტუტი და სახელმწიფო არქივი დაიწვა. ისინი დაიწვა საქართველოს ხელისუფლების იმ შეიარაღებული წარმომადგენლების მიერ, რომლებიც სოხუმს აკონტროლებდნენ და ახლოს მცხოვრებ ხალხს ნებას არ რთავდნენ, გაჩენილი ხანძარი ჩაექროთ. არქივის გადარჩენის მცდელობა მაშინ ეთნიკურ ქართველებსაც ჰქონდათ.

კილმარნოკში არსებული ძეგლი, დიდწილად, თავიდანვე კომპრომისი იყო. ის ქართულ-აფხაზური ომის მსხვერპლებს დაუდგეს დაძმობილებული ქალაქ სოხუმიდან. მსგავს ძეგლს აფხაზური მხრიდან [კილმარნოკში ის აფხაზეთის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს] არ უნდა ველოდეთ. უკვე გვესმის კიდეც ზოგიერთი აფხაზისგან უკმაყოფლება: და საერთოდ, რაში გვჭირდება აგრესორის მხრიდან მსხვერპლთა ძეგლი წარწერით “სოხუმი” “სუხუმის” ნაცვლად”?

და საერთოდაც, აგვიხსენით, რანაირად უწყობდა ხელს 20 წლის ძეგლი დიდი ბრიტანეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას? ამის შესახებ საუბარიც სასაცილოა.

ქართულ მხარეს აფხაზური დროშა უხერხულობას უქმნის. ამაზე უფრო დაწვრილებით უნდა შევჩერდე. მე არ ვიცნობ აფხაზებს, რომლებიც აფხაზურ დროშას საკუთარ ეროვნულ სიმბოლოდ არ აღიქვამდნენ. ამ დროშას არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ დიასპორაშიც ნახავთ. რა თქმა უნდა, ის იქნება ნებისმიერ მოლაპარაკებათა მაგიდაზე, სადაც აფხაზური საზოგადოების თვალში ლეგიტიმური წარმომადგენელი მონაწილეობს.

აფხაზები იყვნენ და არიან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მხარე. მისი გადაჭრის ვარიანტი აფხაზების გარეშე – მხოლოდ ძალადობრივი იქნება, და ამას ქართული მხარე არ აღიარებს [სიტყვიერად]. დიახ, კანონის დონეზე შეიძლება ტერიტორია ოკუპირებულად აღიარო, ხელისუფლება – მარიონეტულად, შეიძლება ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ქართულ-რუსული დაპირისპირების ნაწილად განიხილო, თუმცა საქართველოსთან ურთიერთობებში აფხაზური ეთნოსის სუბიექტურობას ეს არ შეცვლის.

აფხაზეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე წინააღმდეგობა ერთია, და ბრძოლა ყოველივე აფხაზურთან, აფხაზთა სიმბოლოებთან – სრულიად სხვა. მათ შორის მკვეთრი ზღვარის პოვნა რთულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუბარია ცალკე ეთნოსზე, თავისი ენით, კულტურით, ეროვნული წეს-ჩვეულებებითა და სიმბოლოებით, ძალიან რთული ტრაგიკული ისტორიითა და საქართველოს სახელმწიფოსთან კონფლიქტით. რთულია გქონდეს მოლოდინი, რომ რომ რეგიონი, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს, მაგალითად, როგორც კახეთი, ისეთი იყოს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვა თავის ადგილზე დაბრუნდება. აფხაზები გამარჯვებას ზეიმობენ და ხუმრობენ, რომ არსებობს ქვემო ეშერა, ზემო ეშერა და ისტ ეშერა [East Ayrshire-ის სახელწოდების გათამაშება, რომლის საბჭოც ძეგლზე გადაწყვეტილებას იღებს]. თუმცა ადრეა ზეიმობა, რადგანაც მონუმენტზე ცვლილებების საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

თუმცა, მაინც კარგია, რომ მემორიალთან დაკავშირებით სიტუაციის უკან შემობრუნება სურთ. ამაზე საერთაშორისო შუამავლებისა და ექსპერტების აზრმა იქონია გავლენა. მაგრამ ქვა, რომელიც ომის მსხვერპლთა მიმართ სინანულს გამოხატავს, უკვე გადაიქცა იმ დაბრკოლების ლოდად, რაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ისედაც არ აკლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი