ახალი ამბებისაზოგადოება

შიდსის სტაბილურად მზარდი სტატისტიკა და ჯერაც დაუძლეველი სტიგმები

1 დეკემბერი, 2017 • 4083
შიდსის სტაბილურად მზარდი სტატისტიკა და ჯერაც დაუძლეველი სტიგმები

1 დეკემბერს შიდსის საერთაშორისო დღეა. დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა შეიცვალა აივინფექციის მკურნალობის კუთხით ამ წლების განმავლობაში, როგორია აივინფიცირებულთა სტატისტიკა საქართველოში და როგორია რეალობა, რომელშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება.

[red_box]სტატისტიკა[/red_box]

2017 წლისთვის ოფიციალურად გამოვლენილი და რეგისტრირებულია აივინფიცირების 6500-ზე მეტი შემთხვევა, თუმცა შიდსის ცენტრში ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში აივინფიცირებულთა რაოდენობა 12000-ს აღწევს:

“ზოგადად, დღეს საქართველოში ითვლება, რომ ერთი გამოვლენილი პაციენტის უკან დგას რამდენიმე გამოუვლენელი შემთხვევა და სავარაუდო რიცხვი აივინფიცირებული ადამიანების არის 12 000. მაშინ, როდესაც  ოფიციალურად გამოვლენილი და რეგისტრირებულია 6500-ზე მეტი შემთხვევა. ჩვენ ვამბობთ, რომ 2 აივინფიცირებული პაციენტიდან ერთმა არ იცის საკუთარი სტატუსის შესახებ – რეალობა ასეთია,” – ამბობს ექიმი ინფექციონისტი ფატი გაბუნია.

ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში აივინფექციის 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2016 წელს – 717, 2017 წელს კი ამ დრომდე 500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

აივ/შიდსით ინფიცირებულთა გენდერული განაწილება
Infogram

ფატი გაბუნიას თქმით, სტატისტიკა საგანგაშო არაა, თუმცა სტაბილური, ნელი მატების ტენდენციით ხასიათდება:

“ჩვენ ვამბობთ, რომ არის სახეზე ნელი, სტაბილური მატების ტენდენცია და მიზეზი მატების, ვერ ვიტყოდი, რომ არის გაზრდილი მომართვიანობა. ვერც იმას ვიტყოდი, რომ ცოდნის დონე გაიზარდა, ან დაავადების შესახებ ინფორმაცია უფრო მეტად გავრცელდა. ეს უმეტეს შემთხვევაში, გახლავთ ის პაციენტები, რომლებიც მიმართავენ სხვადასხვა კლინიკებს გარკვეული ჩივილებით და ხდება შემდგომ ამ დაავადების დიაგნოზის დასმა.

ასე რომ, ჯერ კიდევ ძალიან დიდი სამუშაოა საზოგადოებაში ჩასატარებელი, რომ ცოდნის დონე გაიზარდოს და თვითდინება და თვითმომართვიანობა ამ დაავადებაზე გაიზარდოს” – ამბობს ექიმი ინფექციონისტი.

აივ/შიდსის ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე 2010-2016 წლები
Infogram

ფატი გაბუნიას თქმით, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანები, რომლებიც თავად მიმართავენ სპეციალისტს საკუთარი სტატუსის დასადგენად, რადგან ფიქრობენ, რომ სარისკო ქცევა აქვთ. თუმცა მკურნალობის ეფექტურობას სწორედ დიაგნოზის ადრეულ სტადიაში დასმა განსაზღვრავს.

მიუხედავად მზარდი ტენდენციისა, შიდსის ცენტრში მიიჩნევენ, რომ მონაცემები მაინც დაბალია და ეპიდემიის საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს. ფატი გაბუანის თქმით, აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში აივინფექციის გავრცელება საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა:

აივ-ინფექციის ახლად გამოვლენილი შემთხვევები სქესის მიხედვით, საქართველო, 2014 – 2016 წლები
Infogram

“დაბალი მაჩვენებელია. ჩვენ დიდი ხანია გვიწინასწარმეტყველებენ ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები, რომ საქართველოში იქნება ისეთივე ეპიდემია, როგორიც არის რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში, თუმცა ჩვენმა სამსახურმა აიცილა თავიდან ფართომასშტაბიანი ეპიდემია, რაც ჩვენი საქმისადმი ფანატიკური დამოკიდებულების დამსახურებაა. თუ შევადარებთ აღმოსავლებთ ევროპის ან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს, საქართველოში გავრცელება რჩება საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე,” – ამბობს გაბუნია.

აივ-ინფექციის ახალი შემთხვევების განაწილება გადაცემის გზების მიხედვით, საქართველო, 2014 – 2016
Infogram

[red_box]მკურნალობა[/red_box]

აივინფიცირებულთა მკურნალობის ხარჯებს საქართველოში მთავრობა და შიდსის გლობალური ფონდი აფინანსებს. შესაბამისად, როგორც პრეპარატები, ასევე მკურნალობა პაციენტისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე უფასოა. მკურნალობის მეთოდები კი წლების განმავლობაში დაიხვეწა და მისი ეფექტურობაც გაიზარდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ამ კუთხით, ფატი გაბუნიას თქმით, ისაა, რომ პაციენტის მკურნალობა დიაგნოზის დასმისთანავე იწყება:

“იყო დრო, როცა გვეუბნებოდნენ მეცნიერები, რომ დაველოდოთ, როდესაც იმუნური სტატუსი გახდება დეფიციტური და შემდგომ შევთავაზოთ პრეპარატები. შემდგომ მოვიდა დრო, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ მოდით, დაველოდოთ  შეფარდებით იმუნოსუპრესიას და შემდგომ დავნიშნოთ პრეპარატები.

შემდეგ მოვიდა დრო, როდესაც ველოდებოდით, ლიმფოციტების რაოდენობა 500 როდის იქნებოდა, ანუ ნორმალური იმუნური სტატუსის დროს,  და შემდგომ დავიწყოთ მკურნალობა. თუმცა, დღესდღეობით მკურნალობა ინიშნება დიაგნოზის დასმისთანავე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ავადობას და სიკვდილობას,” – ამბობს ინფექციონისტი.

ფატი გაბუნიას თქმით, მკურნალობა მარტივია, პაციენტმა ყოველდღიურად ორი აბი უნდა მიიღოს, რაც იძლევა დაავადების კონტროლის შესაძლებლობას. მკურნალობის დაწყებიდან საშუალოდ 24 კვირაში კი ვირუსი ითრგუნება:

“მკურნალობის დაწყებიდან 24 კვირის შემდეგ ვირუსი ხდება სისხლში არაგანსაზღვრადი საშუალო სტატისტიკით. მკურნალობა რომ დაინიშნება, პრეპარატები მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა დალიონ პაციენტებმა. პაციენტის დარჩენა წამლის გარეშე არ შეიძლება, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს კარგი დამყოლობა მკურნალობაზე” – ამბობს ექიმი.

მისი თქმით, ყველა საჭირო პროცედურა პაციენტისთვის უფასოა, პრეპარატები კი, ეფექტური:

პრეპარატები, ბუნებრივია, დაიხვეწა და გამოვიდა ახალი ინოვაციური ჯგუფი პრეპარატებისა. შემცირდა ტაბლეტების რაოდენობა, რომელიც ადრე ინიშნებოდა. რა თქმა უნდა, შემცირდა მათი გვერდითი ეფექტები და ტოქსიკურობა, გაიზარდა ეფექტურობა. თუმცა, მიდგომა და ტაქტიკა მკურნალობის თარიღთან დაკავშირებით შეიცვალა იმიტომ, რომ დაკვირვებამ აჩვენა და პრაქტიკამ, რომ რაც უფრო დროულად დაიწყება მკურნალობა, მით უფრო მაღალია გადარჩენის მაჩვენებელი და დაბალია ავადობა. ამ წლებმა გვაჩვენა, რომ დროულად მკურნალობის დაწყება ბევრად ეფექტურია,” – ამბობს გაბუნია.

სპეციალისტებს ინფექციის გარდა პაციენტის ფსიქოლოგიურ სტრესთან გამკლავებაც უწევთ:

“როგორც კი დიაგნოზი დაისმება, მაშინვე  არსებობს პოსტტესტ-კონსულტაციის პრაქტიკა. პაციენტს მიეწოდება სრული დეტალური ინფორმაცია მკურნალობის შესახებ, ხელმისაწვდომობის შესახებ.

იმის შესახებ, რომ ეს არის  ჩვეულებრივი ინფექციური მართვადი დაავადება, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება სიცოცხლეს. ეს ინფორმაცია იმდენად კარგად და კვალიფიციურად მიეწოდებათ, რომ ძალიან მალე იმსხვრევა ეს მითი იმის შესახებ, რომ ვაიმე, მე მჭირს განუკურნებელი სენი,” – ამბობს ექიმი ინფექციონისტი.

ფატი გაბუნიას თქმით, გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ჯგუფური თერაპია, რომლის დროსაც ახლად დიაგნოსტირებული პაციენტები სხვა აივინფიცირებულებს ხვდებიან:

“გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკა, გვყავს ჯგუფი აივინფიცირებული პაციენტების. ისინი დიდი ხანია აივინფიცირებული არიან და საკუთარ სტატუსთან ძალიან კარგად თანაცხოვრობენ. როდესაც ახლად დიაგნოზდასმული პაციენტია და თავისსავენაირს ხედავს, მაგალითის ძალა ყველაზე ძლიერია, აივინფიცირებულის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და თანადგომა მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს,” – ამბობს ფატი გაბუნია.

მსგავს სერვისს სთავაზობს შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდიც საკუთარ ბენეფიციარებს. იზა ბოდოკიას თქმით, 20-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს მეთოდი ყველაზე ეფექტურია:

“როგორც კი პაციენტი იგებს თავის სტატუსს, ის ძალიან ნერვიულობს. ძალიან კარგია ექიმი, რომელიც ანალიზებს უკეთებს, წამალს დაუნიშნავს, მაგრამ ის სტრესი, რომელიც მას გააჩნია, დაძლევა არის ძალიან რთული.

ჩვენ რადგანაც გვყავს ჯგუფში აივ-დადებითი კონსულტანტები, რომლებიც  თვითონ ეუბნებიან, რომ მე 10 წლის წინ შენნაირად ვიყავი და შეხედე, ახლა როგორ ვარ! მე 5 წლის წინ ასე ვიყავი, დავოჯახდი და ჯანმრთელი შვილი მყავს, ჩვენ არ ვუმალავთ მათ ჩვენ სტატუსს და ამას აქვს ყველაზე დიდი ეფექტი. 20 წელია ჩვენი ფონდი არსებობს. ამდენი გამოცდილების შემდეგ ესაა ყველაზე ეფექტური, როდესაც ერთ პოზიციაზე მდგარი 2 ადამიანი ერთმანეთს უხსნის თავის მდგომარეობას,” – ამბობს ბოდოკია.

ექიმის თქმით, აუცილებელია, პაციენტი მკურნალობის მიმართ დამყოლი იყოს და წამლების მიღება მთელი ცხოვრების მანძილზე გააგრძელოს:

“სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი, თავს რომ კარგად იგრძნობს და პრობლემები რომ არ აქვს არანაირი, მან შიგადაშიგ შეიძლება მედიკამენტი გამოტოვოს. შემდგომ ამას მოჰყვება ვირუსის წამლისადმი მდგრადი ფორმა და შესაძლებელია  აღარ იყოს ეფექტური პრეპარატი და საჭირო გახდეს მისი გამოცვლა.

ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ პაციენტს ვეუბნებით, ეს არის მკურნალობისადმი დამყოლობა, რეჟიმის არდარღვევა, რომ ვირუსი მუდმივად იყოს დათრგუნული. თუ ვირუსი მუდმივად დათრგუნულია, მაშინ პაციენტს არანაირი საფრთხე არ აქვს, მაგრამ თუ ის არ იცავს მკურნალობის რეჟიმს და აქვს ჩავარდნები, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა და შეიძლება მივიღოთ ახალი ვირუსის გაჩენა და ა.შ.” – ამბობს ექიმი.

ექიმის თქმით, დროული დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში, აივინფექცირებული ადამიანის სიცოცხლეს ამ ვირუსის გამო საფრთხე არ ემუქრება.

[red_box]სტიგმა[/red_box]

შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის ხელმძღვანელი იზა ბოდოკია ამბობს, რომ აივინფიცირებულთა მიმართ საზოგადოებაში სტიგმა კვლავ არსებობს:

“თუ ავიღებთ ათი წლის წინანდელ მდგომარეობას, როდესაც საერთოდ აივ-ინფექციას შავ და თეთრ ჭირს ეძახდნენ, იმასთან შედარებით, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად შეიცვალა, მაგრამ ეს, მე მაინც ვფიქრობ, რომ ხალხმა იფიქრა, რომ ამის ხმამაღლა გამჟღავნება სირცხვილია. იმათ გონებაში მაინც ის შიში და სტიგმა აბსოლუტურად არსებობს. მაგრამ უმრავლესობა არის თავშეკავებული, რომ ხმამაღლა რამე თქვას. როგორც კი დგება საქმე იმასთნ დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებთან რაიმე ურთიერთობა უნდა მათ დაამყარონ იმ წუთას, ეს სტიგმა საკმაოდ მკაფიოდ ჩნდება,” – ამბობს იზა ბოდოკია.

ბოდოკიას თქმით, რომელიც შიდსით ინფიცირებულთა დახმარების ფონდს ხელმძღვანელობს, იმის განსაზღვრა, თუ რა დონეზეა საზოგადოებაში სტიგმა გავრცელებული, რთულია, რადგან ხშირ შემთხვევაში, აივინფიცირებულები საკუთარ სტატუსს მალავენ.

“ჩვეულებრივ მოსახლეობაში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები მალავენ თავიანთ სტატუსს და არ იციან, საზოგადოებაში, პროცენტულად რომ მე ვთქვა, სტიგმა რა დონეზეა, ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ეს ადამიანები ყველანაირად  ერიდებიან გამომჟღავნებას.

იმიტომ, რომ ამას ისეთი მოჰყვება მერე უარყოფითი ქცევა, ურჩევნიათ ეს დამალონ. სამსახურიდან აუცილებლად რაიმე მიზეზით გამოაგდებენ, იძულებული არიან დატოვონ სამსახური ა.შ. და ა.შ.” – ამბობს ბოდოკია.

ბოდოკიას თქმით, ხშირად ხდება, როდესაც აივინფიცირებულები სამედიცინო დახმარების მიღებას ვერ ახერხებენ საკუთარი სტატუსის გამო:

“ძალიან ხშირ შემთხვევაში მიწევს მე ჩართვა, თუ ეხება რაიმე ოპერაციას. როგორ ოპერაციას, იცით? შეიძლება სისხლიანი ოპერაციაც კი არ იყოს და იყოს ლაზერი, მაგალითად, რომელიც არაფერს არ შვრება ისეთს, თუმცა იქაც პრობლემა მქონდეს. ის, რომ დღეს მე ვთქვა, სტიგმა დავძლიეთ, რა თქმა უნდა, არ იქნება მართალი,” – ამბობს შიდსით დაავადებულთა ფონდის ხელმძღვანელი.

მსგავს შემთხვევას იხსენებს ექიმი ინფექციონისტი ფატი გაბუნიაც.

“იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს ჰქონდა თვალის ბადურის ჩამოფცქვნა. იყო დაგეგმილი ოპერაცია. მე გავატანე ამ პაციენტს ჩემი ფორმა-100, სადაც მივუთითე მისი სტატუსი, პაციენტს ვირუსი არაგანსზღვრადი ჰქონდა, მოკლედ არანაირი უკუჩვენება არ იყო ოპერაციის ჩატარების.

როდესაც ნახა ქირურგმა ეს დიაგნოზი, უარი, რა თქმა უნდა, არ უთქვამს, ვერ უთხრა, მომსახურებაზე უარის თქმა ძალიან ისეთია. მაგრამ, თვითონ პაციენტმა იგრძნო თავი ძალიან უხერხულად, ექიმს რომ შეხედა, ექიმის სახეს, ექიმის რეაქციას, თვითონ პაციენტმა იგრძნო თავი უხერხულად და წამოვიდა, იმ კლინიკაში აღარ გაიკეთა ოპერაცია,” – იხსენებს ექიმი.

შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის ხელმძღვანელის თქმით, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ ეს არის ნარკომოდამოკიდებულების, სექსმუშაკებისა და ჰომოსექსუალების დაავადება:

“პირველი მიზეზი არის ის, რომ თავიდან იყო არასწორად გაგებული ეს დაავადება. მართალია, მაშინ იყო ის, რომ წამალი არ გვქონდა და ჯერ ადამიანები იღუპებოდნენ ამის გამო, მაგრამ მაინც ძალიან ცუდად მიეწოდა საზოგადოებას ამ ინფექციის ინტერპრეტაცია.

სტერეოტიპები არის, რომ ეს ემართება მარტო ნარკოდამოკიდებულს, სექსმუშაკს, ჰომოსექსუალს. იმიტომ უფრო იმალება ეს ხალხი, რომ ეს სტერეოტიპები ჯერ არ ამოვიდა. ასე იყო ამერიკაშიც, სანამ კონგრესმენებს არ დაემართათ, იქაც ასე თვლიდნენ. ამას მაინცდამაინც ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგალითად, 83 წელში,” – ამბობს ბოდოკია.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ სტიგმის დაძლევა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებით და აივ-ინფექციის საკითხში განათლების დონის ამაღლებითაა შესაძლებელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი