ახალი ამბები

კინო “რუსთაველში” არ ადასტურებენ, რომ მათი შენობა გაიყიდა

1 დეკემბერი, 2017 • 3591
კინო “რუსთაველში” არ ადასტურებენ, რომ მათი შენობა გაიყიდა

“ნეტგაზეთს” კინოთეატრ “რუსთაველში” არ დაუდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი შენობა გაიყიდა, და ახლად გახსნილ “გალერია თბილისში” გადადის.

“შეგიძლიათ მიხვიდეთ და უყუროთ ფილმს კინოთეატრში… გვაქვს მსოფლიო პრემიერები… ვემზადებით კინოფესტივალისთვის და ასე შემდეგ. ზოგადად, კინოთეატრში დაგეგმილი გვაქვს კინოთეატრის რეკონსტრუქცია, როგორც “ამირანში” გვქონდა ცოტა ხნის წინ რეკონსტრუქცია–რემონტისთვის შეჩერებული ფუნქცონირება. რუსთაველი საჭიროებს განახლებას, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ხმის სისტემის, გამოსახულების [კუთხით], მაგრამ როდის დავიწყებთ რეკონსტრუქციას და ზუსტად რა ფორმატი იქნება, ამის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია. მაგრამ ის, რომ შენობა გასხვისდა, ან რუსთაველი გადადის “გალერია თბილისში”, არაა სინამდვილე. “გალერია თბილისში” გუშინ გაიხსნა “კავეა გალერია თბილისი”. ერთ სავაჭრო ცენტრში ორი კინოთეატრი ხომ არ იქნება?!”– გვითხრეს კინოთეატრ რუსთაველში.

კინოთეატრ  “რუსთაველში” განგვიცხადეს, რომ ჯერ არ იციან, როდის დაიწყება რეკონსტრუცია და რა ფორმატით.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სს კინოთეატრ რუსთაველის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ბაზღაძეა, საბჭოს წევრები არიან ბაკურ ლაშქარავა, ოთარ ბუბაშვილი, ბესიკ აბესაძე, კონსტანტინე ლუსინიან–რიჟინაშვილი. სააქციო საზოგადეობის გენერალური დირექტორი ოთარ ბუბაშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი