ახალი ამბები

მერია სპეცოპერაციისას დაზარალებულ 35 მოქალაქეს 500-500 ლარს გადასცემს

1 დეკემბერი, 2017 • 3325
მერია სპეცოპერაციისას დაზარალებულ 35 მოქალაქეს 500-500 ლარს გადასცემს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, თითოეულ მოქალაქეზე ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარი გადაეცემა.

როგორც მერიიდან გვაცნობეს, ერთჯერად დახმარებას გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევის, N9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები 35 მოქალაქე მიიღებს. მათ დასახმარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში, 17 500 ლარი გამოიყო.

მოკლედ:

  • 21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე.
  • თითქმის 20 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად, დაიღუპა სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი და ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული 3 პირი.
  • სპეცოპერაციის ფარგლებში ერთი პირია დაკავებული ინიციალებით ს.დ.. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია.
  • გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აფეთქებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა არაერთი ბინა; ისნის გამგეობამ და მერიამ ოჯახები დროებით სასტუმროებში გადაიყვანა. მათი ბინების აღდგენა/რემონტამდე ისინი ქირით იცხოვრებენ, რომელსაც სახელმწიფო გადაიხდის. სუსი, ისნის გამგეობა და თბილისის მერია მათ მხარდაჭერას ჰპირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი