კალაძე: პირბადეების აქცია კრეატიული იყო

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ძეგლების პირბადეებით შენიღბვის აქცია კრეატიული იყო. კალაძის თქმით, პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო ის, რომ თითქოს ძეგლები დაზიანებული იყო, საღებავი გადასხმული. დედაქალაქის მერის თქმით, სწორედ ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა მერის მოადგილემ განცხადება, რომ ძეგლები შეურაცხყვეს და ამას სათანადო რეაგირება მოჰყვებოდა:

„გუშინდელი აქცია ძალიან კრეატიული იყო, თუმცა პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო ის, რომ თითქოს ძეგლები
დაზიანებული იყო, საღებავი გადასხმული და ა.შ. ამის გათვალისწინებით, ვიცემერის პირველადი რეაქცია ნორმალური იყო. მას
შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, ვფიქრობ, რომ აქცია საინტერესო და კრეატიული იყო. სხვათა შორის, ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა პირბადით
დადის მერიაში.

რაც შეეხება ზოგადად ეკოლოგიას, თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით ქალაქში პრობლემები არსებობს, თუმცა ის პროექტები, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ქალაქში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს” – თქვა კალაძემ.

29 ნოემბერს თბილისში მდებარე ძეგლების ნაწილს პირბადეები გაუკეთეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გააკეთა ეს და რა გზავნილი აქვს. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ამ გზით თბილისში ჰაერის დაბინძურებას უსვამენ ხაზს. მომხდარს სწავლობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, უწყებას გამოძიება არ დაუწყია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.