შსს: ლუბლიანის ქუჩაზე ყოფილმა ქმარმა ქალი დაჭრა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სროლა იყო ლუბლიანის ქუჩაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძახება 112-ში ოჯახურ კონფლიქტზე შევიდა. ადგილზე მისულ შსს-ს წარმომადგენლებს კი, სამინსიტროს განცხადებით, შეიარაღებული პირი დახვდა, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობდა. პოლიციელების დანახვისთანავე ბ.ბ-მ მათი მიმართულებით რამდნეიმეჯერ გაისროლა შემდეგ კი სახის არეში ყოფილი ცოლი დაჭრა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შსს-ს ცნობით, საპასუხოდ გაისროლეს და ბრალდებული დაჭრეს.

“წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე – 1961 წელს დაბადებულ ნ.კ-ზე ძალადობდა. ბ.ბ-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო” – ამბობენ უწყებაში.

შსს-ს განცხადებით, ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.